1 წელი და 9 თვე - უკანონო პატიმრობა და მოლოდინი დასრულებულია. საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის შემდეგ 2021 წლის დეკემბერში დაკავებული მამუკა ჩხიკვაძე და კახაბერ ნათაძე თავისუფლები არიან.
ბრალდება ერთი და იგივე შინაარსის ჰქონდათ - გამოგონილი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა და ასევე გამოგონილი ნარკოდანაშაული, თუმცა ამ ბრალდებებს რეალურ მოტივად არავინ განიხილავს. განსაკუთრებით ეს მამუკა ჩხიკვაძეს ეხება, რომელიც „კომანდოს“ ბატალიონის წევრი, ყოფილი სამხედროა და არაერთ სამშვიდობო მისიაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
დაკავების შემდგომ მუდმივად ვრცელდებოდა ინფორმაცია ცემის და არაადამიანური მოპყრობის შესახებ. ჩხიკვაძის ახლობლები შიშობდნენ, რომ სამხედრო წარსულის გათვალისწინებით უკანონო პატიმრობის გარდა მის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრებოდა. უკვე გათავისუფლების შემდეგ ისინი ამბობენ, რომ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ქონია.
მამუკა ჩხიკვაძეს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ თავდაპირველად 5 წლით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. შემდეგ სასჯელი 3 წლამდე და 8 თვემდე შემცირდა. ნათაძის შემთხვევაშიც განაჩენი 3 წელზე მეტი ხნით პატიმრობას ითვალისწინებდა. ვადაზე ადრე გათავისუფლებას ხანგრძლივი მოლაპარაკებები და მექანიზმები დაჭირდა, რომლებიც დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს.
ორი უკანონო პატიმრის გათავისუფლების შემდეგ მუშაობა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული სხვა პირების გამოსახსნელად გრძელდება. ამ ეტაპზე ცხინვალის ციხეში საქართველოს 4 მოქალაქე რჩება.