ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველო წლების განმავლობაში წარმატებით ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას. სწორედ ჩვენი ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკის შედეგია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში არცერთი ერთეულით არ გაზრდილა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც აღიარებული აქვთ ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, გრიგორი კარასინის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: "რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, წინ წაიწიონ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებისკენ“.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო წარმატებულ არაღიარების პოლიტიკას მომავალშიც გააგრძელებს და ვერავითარი განცხადება ამას ხელს ვერ შეუშლის.
"განცხადებების მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელებთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის წარმოებას. ჩვენ ასეთი განცხადებები მოგვისმენია, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, არაღიარების კუთხით ჩვენი პოლიტიკა იყო წარმატებული. მათ განცხადებებს არ ვუღრმავდები, ეს მათი საქმეა. არ მინდა, საერთოდ ამას ჩავუღრმავდე. რა თქმა უნდა, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან დიდი მიღწევაა და ყველაფერი გაკეთდება, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩინეთთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია წარმატებული არაღიარების პოლიტიკის წარმოება. ორივე მიმართულებით ვიქნებით ძალიან აქტიურები და ვერავითარი განცხადება ამაში ხელს ვერ შეგვიშლის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.