აშშ უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
"დღეს სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ ვაცხადებთ, რომელიც დაეხმარება უკრაინას საკუთარი ტერიტორია და საკუთარი ხალხი დაიცვას. ეს პაკეტი მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შეიცავს, რომლებიც უკრაინას ბრძოლის ველზე დაეხმარება,"-წერია განცხადებაში.
პაკეტში შევა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის AIM-9M რაკეტები, საბრძოლო მასალა HIMARS სარაკეტო სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, განაღმვის აღჭურვილობა, Javelin და სხვა ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები და რაკეტები, ცეცხლსასროლი იარაღისთვის 3 მილიონ ტყვიაზე მეტი, სასწრაფო დახმარების მანქანები და საბრძოლო მასალა დაბრკოლებების გასაწმენდად.