სტიქია თბილისში და მისი შედეგები - ამ თემაზე საკრებულოში ფრაქცია "ლელომ" ბრიფინგი გამართა. ვატო სურგულაძემ დედაქალაქში არსებულ პრობლემებზე და საფრთხეებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლების პირველი ამოცანა ადამიანის უსაფრთხოება უნდა იყოს.
"პირველი ამოცანა ნებისმიერი ხელისუფლების, ეს იქნება ადგილობრივი თუ ფედერალური, ეს არის ადამიანების უსაფრთხოება. სახელმწიფო ყოველთვის უნდა ცდილობდეს, რომ ადამიანი თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს. ჩვენ გუშინ ისევ გადავრჩით, მადლობა უფალს, რომ არ იყო მსხვერპლი. უნდა შეჩერდეს ახალი ნებართვების გაცემა, ყველა ნებართვა უნდა იყოს ძალიან სერიოზულად განხილული, რა რისკს შეიცავს," - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა თბილისისათვის" წევრი, ვახტანგ სურგულაძე.
"ლელოს" მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა უპასუხეს. მათი შეფასებით ოპონენტები ყველა თემით სპეკულირებას ცდილობენ და ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ოთარ გრიგოლია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პერმანენტულად ხდება სანიაღვრე სისტემების გაწმენდა, გუშინ აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ნაგავი იყო სისტემაში ჩარჩენილი.
"მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური, გამგეობები, თბილსერვისი, ასევე მაჟორიტარი დეპუტატები როგორც გლდანის, ასევე სამგორის და სხვა დეპუტატები აქტიურად იყვნენ ჩაბმული მოქალაქეების დახმარების პროცესში. ყველა ის ადგილი ვნახეთ, რომელიც გუშინ წვიმის შედეგად დაიტბორა. მიუხედავად იმისა, რომ პერმანენტულად ხდება სანიაღვრე სისტემების გაწმენდა, გუშინ აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ნაგავი იყო ამ სისტემაში ჩარჩენილი. მთელი ღამის განმავლობაში ისმენდით ინფორმაციებს იმის შესახებ, თითქოს რომ ყოფილიყო 2015 წლის 13 ივნისის რაოდენობის ნალექი, თბილისი საერთოდ ვერ გაუძლებდა, რაც არის ტყუილი, იქიდან გამომდინარე, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის 13 ივნისთან შედარებით ორჯერ მეტი ნალექი მოვიდა," - ამბობს ოთარ გრიგოლია.