19 სექტემბერი 2024,   19:30
ვრცლად
"კედლის ჩამონგრევა და სახლის ნახევრამდე წყლით გავსება მომენტალურად მოხდა....ბავშვს აბაზანაში თავი უჩანდა მხოლოდ" - რას ამბობენ გლდანში ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულები

უხვი ნალექის გამო ყველაზე რთული მდგომარეობა გლდანის რაიონში შეიქმნა, სადაც წყალმა სარდაფები და მიწისქვეშა გადასასვლელები დატბორა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ. დაშავებულები არ არიან. ძლიერმა წვიმამ ასევე დააზიანა საცხოვრებელი სახლებიც.

დაზარალებულები "კურიერთან" სტიქიის შედეგებზე საუბრობენ. მათი თქმით, დატბორვის გამო სახლი საცხოვრებლად არ გამოდგება. მათივე განცხადებით, ადგილზე მერიის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მათი გადაყვანა უზრუნველყო, ზარალის დათვლა კი შემდგომში დაიწყება.

"კედელი იყო ეზოს გამყოფი, აქედან დაიწყო წყალმა ჟონვა. ხმაზე გამოვიხედეთ გარეთ და რომ გამოვედით, 5 წუთის წვიმის შემდეგ, კედელი მთლიანად ჩამოინგრა. კედლის ჩამონგრევა და სახლის ნახევრამდე წყლით გავსება მომენტალურად მოხდა. ბავშვი მყავდა აბაზანაში, ვბანდი, კედლის ჩამონგრევის შემდეგ რომ შევედი, თავი უჩანდა მხოლოდ.

გამოსვლა მოვახერხეთ და ამის შემდეგ საერთოდ არაფერი არ მახსოვს. სახლი საცხოვრებლად არ გამოდგება. მერიამ უზრუნველყო გუშინ ჩვენი გადაყვანა სასტუმროში, დღესაც იქ ვრჩებით. იყვნენ მერიიდან მოსულები, როგორც გვითხრეს დასუფთავებაშიც თვითონ დაგვეხმარებიან. ზარალის დათვლაც დაიწყება," - ამბობს "კურიერთან" დაზარალებული ეკა წიქარაძე.

ამასთან, გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გლდანში ვითარება სრულად განმუხტულია.

"გუშინ იყო ძლიერი ნალექი გლდანის რაიონში. ძირითადი ლოკაცია იყო მეტროს მიმდებარე ტერიტორია, ე.წ. მიწისქვეშა გადასასვლელები, სადაც კონკრეტულ ნაწილში მოხდა დატბორვა, თუმცა შესაბამისი სამსახურების დროული ჩართულობით, პრობლემა მოგვარებულია. ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ გამგეობის წარმომადგენლები, მათ შორის მეც და რაც შეგვეძლო ჩვენი ძალებით პირველ ეტაპზე დავეხმარეთ მოსახლეობას რომ გამოსულიყვნენ გარეთ ტერიტორიაზე. ასევე, უზრუნველვყავით რომ პირველ ეტაპზე გათიშულიყო ელექტროენერგია, რადგან საფრთხე არ ყოფილიყო, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, სიტუაცია სრულად განმუხტულია," - აღნიშნა თბილისის გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილემ ბესო კალაძემ.

დღის ამბები