ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება გრძელდება. პარტია ამჯერად თელავის საკრებულოს დეპუტატმა და კახეთის ორგანიზაციის წევრმა, იმედა კევლიშვილმა დატოვა.
ის პარტიაში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს - ამბობს, რომ შიდა პარტიულ არჩევნებში ნიკა მელიას უჭერდა მხარს, რის გამოც მოქმედი მენეჯმენტი მასთან არ თანამშრომლობს.
"ხაბეიშვილს მხარს არ ვუჭერდი და ეს ვთქვი, რის შემდეგაც დაიწყო ბოიკოტირება ისეთი წევრების მიმართ ვინც მათ მხარს არ უჭერდა. 7 თვის მანძილზე არცერთ ღონისძიებაზე არ ვყოფილვარ და ენმ-ს თელავის თავმჯდომარე აირჩიეს ისე, რომ არ ვიცოდი. არჩევნები, როგორც კი დამთავრდა პარტიის თავმჯდმარემ ლევან ხაბეიშვილმა წამშალა მეგობრებიდან,"- აცხადებს კევლიშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ ყველა თავისუფალ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.
"მე პატივს ვცემ ყველა თავისუფალ გადაწყვეტილებას. მე ამაში ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. ჩვენ ვქმნით ზეპარტიულ პლატფორმას და ვისაც პარტიები არ მოსწონთ შეუძლიათ აქ მოვიდნენ,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ენმ დაშლის პირასაა და პარტიის აღდგენა შეუძლებელია.
" ეს პარტია არის დაშლის პირას და აღდგენა შეუძლებელია. ენმ-ს მხარდამჭერებიც მიხვდებიან, რომ ამ პარტიას ომის პარტიას მხარი არ უნდა დაუჭირონ,"- აცხადებს მაჭარაშვილი.