ხანდაზმული ამერიკული პოლიტიკა - 81 წლის ამერიკელი სენატორი მიტჩ მაკკონელი კენტუკის შტატში, სიტყვით გამოსვლის დროს, ნახევარი წუთით გაშეშდა. ინციდენტი სენატორს მას შემდეგ შეემთხვა, რაც რეპორტიორმა მას კითხვა დაუსვა. მაკ კონელმა ჟურნალისტს რამდენჯერმე სთხოვა შეკითხვა გაემეორებინა, რის შემდეგაც გაიღიმა და სივრცეში ნახევარი წუთის განმავლობაში გაშეშებული იყურებოდა.
მაკკონელი სენატში რესპუბლიკური ფრაქციის ლიდერია 2007 წლიდან და არაერთხელ დასჭირდა მკურნალობა. ინციდენტის შემდეგ, რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ სენატორს გაუწყლოება სჭირდა, მოგვიანებით კი თავად მაკკონელმა განუცხადა მედიას, რომ კარგად იყო. სენატორთან დაკავშირებულმა ინციდენტმა, შეერთებულ შტატებში დისკუსია გამოიწვია - რატომ ჰყავს ქვეყანას ამდენი ხანდაზმული პოლიტიკოსი. მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი - 80 წლის, ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი - 77-ის, რომელიც ისევ აპირებს კენჭისყრას და სენატორი დაიან ფაისტაინი - 90 წლის.
სენატში და ზოგადად ვაშინგტონში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პიროვნებას, ასეთი შემთხვევა პირველად არ ჰქონია. 81 წლის მაკკონელი, ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩნდა სენატში გამართულ პრესკონფერენციაზეც. თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე საუბრის დროს, ვეტერანი სენატორი მოულოდნელად გაშეშდა და ჟურნალისტებთან საუბარი შეწყვიტა.
ასეთ ვითარებაში ზეპირად საუბარი უჭირთ სპეციალისტებს, თუმცა ექიმები მაინც მიანიშნებენ, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გარკვეულ ნევროლოგიურ პრობლემას. დაზუსტებით არ იციან მიმართა თუ არა ექიმს მაკკონელმა პირველი ინციდენტის შემდეგ. მომხდარის შესახებ, შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჰკითხეს, რომელიც ჯერ კიდევ სენატში ყოფნის დროიდან მაკკონელის მეგობარია.
"მე ეს ახლა გავიგე. მიჩი ჩემი მეგობარია. ჩვენ პოლიტიკური უთანხმოება გვაქვს, მაგრამ ის ჩემი კარგი მეგობარია. დღის მეორე ნახევარში ვეცდები მასთან დაკავშირებას", - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
კენტუკიში მომხდარმა ისევ გაააქტიურა საუბრები საკმაოდ მგრძნობიარე საკითხზე, რაც ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში ასაკს ეხება.
ქვეყნის პრეზიდენტი 80 წლისაა და თუ შემდეგ არჩევნებში გაიმარჯვა, მეორე ვადის დასასრულს 86-ის იქნება. 70%-ზე მეტი გამოკითხული თვლის, რომ ის კიდევ ერთი ვადისთვის საკმაოდ ხანდაზმულია. 77 წლის არის ბაიდენის ყველაზე რეალური კონკურენტი და თუ გაიმარჯვა, ვადის დასრულებამდე 80 წელი შეუსრულდება.
79-80 წლის ასაკშია საგარეო ურთიერთობებზე მომუშავე, ძალიან გავლენიან სენატორთა გუნდი. 90 წელი შეუსრულდა სენატორ დაიან ფაინსთაინს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მისი პრობლემები, აქტიურად განიხილებოდა. ჯანმრთელობის საკითხები, არაკორექტული და უხერხული თემაა სადისკუსიოდ. მით უმეტეს დღეს, როდესაც სამედიცინო პროგრესის პირობებში, ადამიანის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა და ასაკი გახანგრძლივდა. თუმცა აქ საქმე ეხება საჯარო მოხელეებს და მაღალი დონის გამჭვირვალობა, მათ შორის ჯანმრთელობის თემაზე, ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია.