საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებას ულოცავს.
მისი თქმით, განათლება მთავრობისთვის და პირადად მისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
"ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, ძვირფასო პირველკურსელებო, გულითადად გილოცავთ ყველას, ვინც წარმატებით ჩააბარეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები.
ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა თქვენი შრომის, სწავლისა და მონდომების დამსახურებული შედეგია. ამავე დროს, ეს არის ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი. მჯერა, რომ ცოდნის დაუფლების, პიროვნული განვითარებისა და პროფესიული სრულყოფის პროცესს საკუთარი მომავლისა და სამშობლოს წინაშე დიდი პასუხისმგებლობით წარმართავთ.
განათლებული ახალგაზრდობა - ქვეყნის წინსვლისა და ძლიერების, მისი უკეთესი ხვალინდელი დღის აუცილებელი პირობაა. ამიტომ, განათლება ჩვენი მთავრობისთვის, პირადად ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი განვითარებაში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებულ, საინტერესო სტუდენტობის გზას, თქვენ მიერ დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.