15 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
ჟოზეფ ბორელის ვიზიტის მთავარი შინაარსი არის ბოლო გაფრთხილება თუ ბოლო რჩევა, გააჩნია როგორ მიდის საქმე - ალექსანდრე რაქვიაშვილი

თბილისში ორ დღეში ჟოზეფ ბორელს ელოდებიან. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისარი პრემიერს და პრეზიდენტს შეხვდება. დაგეგმილია ასევე მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა მინისტრთან, დეპუტატებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. განხილვის მთავარი თემა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესია.

ჯოზეფ ბორელის მოსალოდნელ ვიზიტს აფასებენ ქართველი პოლიტიკოსები - ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ბორელის ვიზიტი საქართველოში, ევროკავშირის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებას უკავშირდება.

"ის ჩამოდის, რომ კიდევ ერთხელ დაადასტუროს ევროკავშირის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის, მისი უსაფრთხოების დამტკიცების მიზნით. მეორეს მხრივ ცხადია, რომ როდესაც რამდენიმე კვირაში უნდა მიიღოს ევროკავშირმა გადაწყვეტილება ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე, ძალიან მნიშვნელოვანია რას მოისმენს ის საქართველოში, რაც შეეხება ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას და სამწუხაროა, რომ ამ ვიზიტისთვის ჩვენ რეალურად არანაირი პროგრესი არ გვაქვს "ქართული ოცნების"“ დამსახურებით, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ევროკავშირის მოთხოვნების დიდი უმრავლესობა დღემდე დარჩენილიყო შეუსრულებელი," - აცხადებს "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი.

ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ვიზიტის შინაარსი ბოლო გაფრთხილება თუ რჩევა იქნება. "გირჩში" რაიმე პუნქტის შესრულების მოლოდინი არ აქვთ.

"ვიზიტის მთავარი შინაარსი არის ბოლო გაფრთხილება თუ ბოლო რჩევა, გააჩნია როგორ მიდის საქმე იმიტომ, რომ დავინახეთ პრემიერის განცხადება, მათ შორის დეოლიგარქიზაციაზე. აშკარად აპირებენ რაღაც დაახვედრონ ბორელს, რომ არ თქვან ის, რასაც მთელი ზაფხული იმეორებდნენ, რომ "ჩვენ ყველაფერი შევასრულეთ და ყველაფერი რიგზე გვაქვს". ამიტომ, ცხადია, რომ მთავრობაც ემზადება რაღაც ცვლილებებისთვის და ბორელიც ალბათ რაღაც ტიპის ინფორმაციას მიაწვდის ევროპელების გადმოსახედიდან სად ვართ. მე არ მაქვს იმის მოლოდინი თუ რამე პუნქტი შესრულდება," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები