საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირის მოთხოვნებიდან ერთ-ერთი პირველი ე.წ. დეპოლარიზაციაა, თუმცა მისი თქმით, გაუგებარია ეს როგორ უნდა განხორციელდეს, როდესაც ოპონენტების ნაწილი ტრაგედიებსაც კი ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებისთვის იყენებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე ოპონენტების საპასუხოდ განაცხადა. შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობა" შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.
ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის ამგვარი დამოკიდებულების პირობებში ე.წ. დეპოლარიზაცია ვერ განხორციელდება.
"როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის ერთ-ერთი რიგით პირველი მოთხოვნა არის დეპოლარიზაცია. ამ ფონზე, ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ტრაგედიებსაც კი ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებისთვის იყენებენ. გაუგებარია, როგორ უნდა განხორციელდეს საქართველოში ე.წ. დეპოლარიზაცია, როდესაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ახერხებს და ბუნებრივ კატასტროფებზეც კი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს. ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მისი მედიასაშუალებები დღემდე თავს ესხმიან არა მხოლოდ მმართველ გუნდს, არამედ ჩვენს გმირ მაშველებსაც კი. რა თქმა უნდა, ამგვარი დამოკიდებულების პირობებში ე.წ. დეპოლარიზაციას განხორციელება არ უწერია," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.