15 ნოემბერი 2024,   18:57
ვრცლად
ჟოზეფ ბორელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჟოზეფ ბორელი არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება. მესამე სექტორის წარმომადგენლები ბორელთან ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით აპირებენ საუბარს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის თქმით, ევროკავშირი, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ქვეყნისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგამს ელის.

"ჩვენი მთავარი მესიჯი იყო, რომ საქართველოს ძალიან სჭირდება დღეს კანდიდატის სტატუსი და მას ამ პროცესში მხარდაჭერა ვთხოვეთ, რომ ოქტომბერში [ქვეყანამ] ევროკავშირის მხრიდან მიიღოს რეკომენდაცია და შემდეგ უკვე დეკემბერში, საბოლოო გადაწყვეტილება იყოს იმის სასარგებლოდ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ბატონი ბორელის მხრიდანაც იყო მესიჯი, რომ ეს არის ორმხრივი, ევროკავშირსაც ძალიან სურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და ახლაც ევროინტეგრაციის პროცესზე დადებითი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, თუმცა, რა თქმა უნდა, მან აღნიშნა, რომ რეკომენდაციები არის ჯერ კიდევ შესასრულებელი. ისინი საქართველოსგან ელიან ქმედით ნაბიჯებს," - განაცხადა დოლიძემ.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარის, თინა ხიდაშელის თქმით, საქართველო ნებისმიერ შეთხვევაში იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

"იმის მიუხედავად, თუ რას მოისმენს დღეს ის აქ, იმის მიუხედავად, რა ინფორმაცია მიდის ბრიუსელში, იმის მიუხედავად, განწყობები ვის როგორი აქვს. გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული საქართველოს სახელმწიფოსთან მიმართებაში. საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს არათუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, არამედ წევრობასაც, სწორედ იმავე რეჟიმით და იმავე ფორმულით, რაც იქნება ჩვენს პარტნიორ უკრაინასთან და მოლდოვასთან დაკავშირებით," - აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა.

დღის ამბები