სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ევროსასამართლომ ნიკა მელიასთან ერთად, განაჩენი გიორგი გახარიასაც გამოუტანა - ამ შემთხვევაში პოლიტიკური. "ქართულ ოცნებაში" ყოფილ პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან წასვლის მიზეზი დღეს კიდევ ერთხელ შეახსნეს. სწორედ გახარიას გადადგომა მოყავდა ერთ-ერთ მტკიცებულებად სარჩელში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს, სადაც ის ამტკიცებდა, რომ მისი დაპატიმრება არაკანონიერი და პოლიტიკური იყო. სტრასბურგმა კი დაადგინა, რომ განმცხადებლის მიმართ დაკავებისას ადამიანის უფლებები არ დარღვეულა და ადგილი არ ჰქონია არც პოლიტიკურ შევიწროებას.
გახარიას გუნდი, ლიდერის მაშინდელ გადაწყვეტილებას, გამართლებულს უწოდებს დღესაც, როდესაც ევროსასამართლოს მელიას დაკავების ფორმაზე სამართლებრივი შენიშვნა არ აქვს. პარტიაში ისევ ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებას 2 წლის წინ მაშინდელი პრემიერ-მინისტრისთვის უნდა დაეჯერებინა და კანონის აღსრულების სხვა ფორმა უნდა გამოეყენებინა. თუმცა, რა ალტერნატივა ჰქონდა გახარიას - ამაზე აღარ საუბრობენ.
ყოფილ პრემიერთან სხვა პრეტენზიები აქვთ ოპოზიციონერ კოლეგებს, ნაწილისთვის გიორგი გახარიას წლებს წინ გადადგომის მოტივი დღესაც გაუგებარია.
რეალურად რისთვის გადადგა გახარია, როდესაც სტრასბურგის გადაწყვეტილებით მელიას დაკავებისას ადამიანის უფლებათა კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ექსპრემიერმა პოსტი სწორედ მოვლენების ესკალაციის მიზნით დატოვა.
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსგან მის მიმართ კონვენციის ორი მუხლის დარღვევის აღიარებას ითხოვდა, თუმცა 8 კაციანმა კოლეგიამ არცერთი დააკმაყოფილა.
ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ - საქმე სტრასბურგში ოპოზიციონერი ლიდერის საწინააღმდეგოდ დასრულდა.