20 სექტემბერი 2024,   03:48
ვრცლად
გურია ძლიერ სტიქიას ებრძვის - რა ხდება ამ წუთებში სტიქიის ზონაში

ოზურგეთისა და ლანჩხუთის სოფლები წყლით არის დაფარული. უხვი ნალექის გამო ადიდებულია მდინარეები სუფსა და ნატანები. დამეწყრილ ზონაში, ცოტა ხნის წინ მეორე ბავშვის ცხედარიც იპოვეს. კიდევ ერთი არასრულწლოვანი 11 წლის მოზარდი ღვარცოფმა მამას ხელიდან გასტაცა, მისი ცხედარი მაშველებმა სტიქიის ეპიცენტრიდან 5 კილომეტრში აღმოაჩინეს. დაღუპულია 82 წლის ქალიც.

გურიის სოფლებში წაღებულია ხიდები, დანგრეულია სკოლები, განადგურებულია სავარგულები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები. სამაშველო ოპერაცია სტიქიის ზონაში ამ დრომდე გრძელდება. 50-ზე მეტი ოჯახი უკვე გაყვანილია სახიფათო ზონებიდან. მიმდინარეობს სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზების გაწმენდაც. რამდენიმე მონაკვეთზე კი, საერთოდ აკრძალულია ავტომანქანების მოძრაობა.

ამ დროისთვის, გურიაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200 თანამშრომელი, პოლიციის დანაყოფები და სხვადასხვა მუნიციპალური სამსახურები. იმ ადგილებში, სადაც სოფლები გარე სამყაროს მეწყერმა მოწყვიტა ამ წუთებში მაღალი გამავლობის მძიმე ტექნიკა მუშაობს, პარალელურად, ზონების დათვალიერება მიმდინარეობს დრონებით.

ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მდინარეები ახლაც ადიდებულია. უხვმა ნალექმა გურიაში მეწყრული პროცესებიც გამოიწვია, რის გამოც ათეულობით სოფელთან მისასვლელი გზა ჩაიხერგა. რეგიონის მაცხოვრებლებს მსგავსი მასშტაბის სტიქია გურიაში არ ახსოვთ: დანგრეულია შენობები, მათ შორის სკოლები, წაღებულია ხიდები, განადგურებულია მოსავალი. სოფლების ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

მთელი დღის განმავლობაში 112-ზე გურიიდან 400-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. სტიქიის ზონაში "კურიერის" რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს.

 

 

 

 

 

დღის ამბები