15 ნოემბერი 2024,   19:05
ვრცლად
გვაქვს ევროპული პერსპექტივა, რომელიც ნიშნავს, რომ ევროკავშირში არის საქართველოს ადგილი შესაბამისი ეტაპების გავლით რა თქმა უნდა - მაკა ბოჭორიშვილი

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი 2030 წლისთვის 30-ზე მეტი სახელმწიფოს გაწევრიანებისთვის უნდა მოემზადოს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

მმართველი გუნდის წევრები ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურებიან - პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის მისაღებია. მანამდე კი, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს გააჩნია პერსპექტივა, რომ შესაბამისი ეტაპების გავლის შემდეგ, საქართველოს ადგილი ევროკავშირში იქნება.

„ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ისევ ევროკავშირმა უნდა მიიღოს და პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი. მანამდე კი ჩვენ გვაქვს ევროპული პერსპექტივა, რომელიც ნიშნავს, რომ ევროკავშირში არის საქართველოს ადგილი შესაბამისი ეტაპების გავლით რა თქმა უნდა, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ქვეყნების და იმ კანდიდატი ქვეყნების, რომელიც ასევე ახსენა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ეს არის ის, რაზედაც მსჯელობენ ევროპარლამენტშიც მათ შორის თუ როგორ უნდა მოემზადოს ევროკავშირი 30+ წევრებისთვის იმიტომ, რომ დღეს ვერ ვიტყვით, რომ ამ საკითხზე არის ერთიანი პოზიცია; დღეს ვერ ვიტყვით, რომ ევროპარლამენტში ყველა პოლიტიკური პარტია ერთნაირად ფიქრობს და ვერც იმას ვიტყვით, რომ ყველა ქვეყანას აქვს ერთგვაროვანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

კარგად ვიცით, რომ შემდგომი ეტაპები არის გასავლელი. ვართ იმ ეტაპზე, როდესაც კომისია ამზადებს ანგარიშს, ხოლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკვე ველოდებით ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან და შესაბამისად, არაფერი გასაოცარი არ არის იმაში ვთქვათ ევროკომისიის პრეზიდენტი წინ არ ასწრებდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, როდესაც ეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს საქმე,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები