15 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
მთავრობამ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა - ირაკლი ღარიბაშვილი
"დავამტკიცეთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა. მაქსიმუმ თვის ბოლომდე ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 
 
მისი თქმით, საქართველო შედეგებით და მიღწევებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. 
 
"მინდა ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ, რომ დავამტკიცეთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც გათვალისწინებული არის 12 რეკომენდაციით. ჩვენ პარტიასთან ერთად შევთანხმდით პარლამენტთან, რომ მომავალ კვირაში ყველა ის პუნქტი, რომელზეც საუბარი გვქონდა ბატონ ბორელთან და მის გუნდთან, ევროკომისიასთან, ყველა პუნქტზე ექნება ჩვენს გუნდს, მმართველ პარტიას რეაგირება. 
 
მაქსიმალურს გავაკეთებთ, იმ კვირაში ეს პროცესიც ჩაიხურება, მაქსიმუმ თვის ბოლომდე ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული. ამიტომ, მიზეზი არ არსებობს და აღარ იარსებებს თუ რატომ არ უნდა მიიღოს სტატუსი ქვეყანამ. 
 
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და ძალიან დიდი უსამართლობა, რომელსაც ჩვენ არ შევეგუებით. საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, მით უმეტეს იმ ქვეყნებთან შედარებით, უკრაინა, მოლდოვა. ძალიან კარგად ვიცით, რაც ხდება ამ ქვეყნებში. არავის არ ვედრებით, მაგრამ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, მით უმეტეს იმ გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რომელიც შექმნილია მთელს მსოფლიოში, ჩვენს რეგიონში და ევროპის კონტინენტზე.  იმ შედეგებისა და მიღწევების გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა პარტიამ, მთავრობასთან ერთად მივაღწიეთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღის ამბები