ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულთა სიაში მოხვედრა პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციას მოლოდინი აქვს, რომ უახლოეს მომავალში ბაიდენის ადმინისტრაცია სიას გააფართოებს.
ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ფაქტი ქვეყნისთვის საზიანოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსს ელოდება.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს.
"შესწავლა კი არ უნდა მიმდინარეობდეს ამ ყველაფერზე, უნდა მოხდეს გამოძიება. უამრავი კითხვა არსებობს და ამ კითხვებზე პასუხია საჭირო. სანქციებში მისი შეყვანა შესაბამის ანალიზზე და შესაბამის ინფორმაციაზეა დაყრდნობილი," - აცხადებს თეონა აქუბარდია.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აშშ-ის სპეცსამსახური ფარცხალაძეს ტყუილად არ დაასანქცირებდა და დეპარტამენტს ამისთვის მიზეზები ექნება.
"ეს ფაქტი არის ნამდვილად საზიანო საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის. აშშ-ის სპეცსამსახურები, ვიცით, რომ მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სპეცსამსახურია და დაეჯერებათ, ტყუილად არ დაასანქცირებდნენ, ამისთვის იქნება მიზეზები.
ყველას მის გარშემო და გარემოცვაში უნდა ჩამოართვან პასპორტები და მათ არ უნდა შეეძლოთ ქვეყნის დატოვება," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.