საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ნიუ-იორკში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილმა გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მდგრადი განვითარების სამიტზე, დიალოგის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე, დამსწრეებს სიტყვით მიმართა.
სამიტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ეგიდით, სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების დონეზე ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება.
"ჩემთვის დიდი პატივია გაეროს გენერალური ასამბლეის მდგრადი განვითარების მიზნების სამიტზე დასწრება, სადაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია შეაჯეროს ხედვები, გაცვალოს აზრები თუ გამოცდილება და განიხილოს 2030 წლის დღის წესრიგის მიზნების პრაქტიკული განხორციელების გზები.
ჩვენმა მთავრობამ ქმედითი ზომები მიიღო 2030 წლის დღის წესრიგის განსახორციელებლად და სახელმწიფო სერვისების შესაძლებლობათა გასაძლიერებლად, რათა არსებული გამოწვევების გადაჭრა შესაძლებელი გამხდარიყო, რაც აისახა კიდეც მრავალ გლობალურ რეიტინგში.
ვამაყობ, რომ საქართველოს მიერ შეტანილმა წვლილმა მდგრადი განვითარების მიზნების კონტექსტშიც გაგვხადა ლიდერი 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების ასპექტში. სხვადასხვა ინიციატივისა და პარტნიორობის მეშვეობით საქართველო ხელს უწყობს მდგრად ეკონომიკურ ზრდას, სოციალურ განვითარებასა და გარემოს დაცვას.
2016 წელს საქართველომ აქცენტი გააკეთა თავის ეროვნულ სტრატეგიულ დოკუმენტებსა და მიზნებში მდგრადი განვითარების მიზნების ჩართვაზე. ისინი „პირველ ნებაყოფლობით ეროვნულ მიმოხილვაშიც” ასახა. ამას მოჰყვა „მეორე მიმოხილვა“ 2020 წელს, სადაც დეტალურადაა აღწერილი მდგრადი განვითარების მიზნების სფეროში მიღწეული პროგრესი.
საქართველომ, 17 მდგრადი განვითარების მიზანი და 93 ორიენტირი განსაზღვრა პრიორიტეტებად და 200 ინდიკატორი შეიმუშავა პროგრესის მონიტორინგისთვის. ჩვენ ასევე შევქმენით მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული საბჭო კონსტრუქციული, ინტერპერსონალური დიალოგის გასაძლიერებლად.
საქართველო სიტყვებს ქმედებად აქცევს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან ეროვნული პოლიტიკის თავსებადობის უზრუნველსაყოფად. დარგობრივი პოლიტიკის დაგეგმვისას ხდება მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინება და ეს უკვე არსებული პროცესის შემადგენელი ნაწილია. ყოველივე ამის მიზანია ახალი სტრატეგიული დოკუმენტების თავსებადობა ჩვენ მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან.
ჩემმა მთავრობამ 2021 წელს კიდევ უფრო დახვეწა ლოკალიზაციის გეგმა მდგრადი განვითარების მიზნების საკვანძო დონეზე ინტეგრირებისთვის. ამჟამად, გეგმის მეშვეობით საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან 32 მონაწილეობს მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვაში. 2025 წლისთვის ყველა მუნიციპალიტეტი იქნება ამ პროცესში ჩართული.
ეს ლოკალიზებული ძალისხმევა ემთხვევა ჩვენ მიერ შემუშავებულ სამთავრობო დოკუმენტს "ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია“, რომელიც განვითარების ძირითად ეროვნულ პრიორიტეტებს ასახავს გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესაბამისად.
ამასთანავე, ჩვენი მთავრობა ცდილობს განავითაროს საკოორდინაციო შესაძლებლობები და გამჭვირვალობის მექანიზმები. ამ მიზნით ჩვენ შევქმენით მონიტორინგის სისტემა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დღის წესრიგისთვის და მდგრადი განვითარების მიზნების რეალურ დროში განახლებისთვის.
ჩვენი მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველოს პოზიციონირებას ახდენს ბიზნესისა და ფინანსების გლობალურ ცენტრად. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 2021 და 2022 წლებში. ზრდა კვლავ მაღალია და 7.2% დაფიქსირდა 2023 წლის იანვარ-ივლისში.
საქართველოს, როგორც პასუხისმგებლობიანი გლობალური მოთამაშის, პოზიცია, რომელიც წინ მიიწევს 2030 წლის დღის წესრიგით, აისახება მის მრავალრიცხოვან დარგობრივ პოლიტიკაში, რომლებიც მიზნად ისახავს სიღარიბის შემცირებას, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობას, განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, განახლებადი ენერგიის მიმართულების განვითარებას და ეკომეგობრული ტურისტული პრაქტიკის დანერგვას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.