საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მდგრადი განვითარების მიმართულებით, გაერო-ს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრეს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს შემოთავაზებულ ტრაქტატებს, რომელთა მიზანია, უკეთესად მოერგოს გაერო არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აფასებს ანტონიო გუტიერეშის ძალისხმევას "მშვიდობის ახალი დღის წესრიგის“ შემუშავებაში, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და გაეროს წესდებას ეყრდნობა.
შეხვედრისას, განსახილველ საკითხებს შორის იყო, მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ასევე − გაერო-ს ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.
შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა, დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.