საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ.
მისი თქმით, საქართველოს პროგრესი აქვს ყველა მიმართულებით, მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი გრძელდება.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოწინავე პოზიციები აქვს, რასაც მოწმობს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე, რეფორმების მიმართ, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები მტკიცეა. გეოპოლიტიკური ვითარების და ასევე დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შესაბამისად კი, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
ღარიბაშვილმა მიშელს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.