"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მედიასთან აღნიშნა, რომ ოპოზიცია ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ირაკლი კობახიძე გიორგი ვაშაძეს ჯაშუშს უწოდებს.
რაც შეეხება ფარცხალაძის საკითხს, კობახიძის თქმით, არ შეიძლება ადამიანს გაუყინო ანგარიში. მსგავს ქმედებას კანონი სჭირდება.
უმრავლესობის ლიდერი გუნდის წევრებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
„მე ვაშაძეს ანგარიში გავუყინე? მე ვამბობ, რომ ჯაშუშია. ანგარიშის გაყინვა არ შეიძლება. არ შეიძლება ადამიანს ანგარიში გაუყინო და რაღაც დაუბლოკო და ა.შ. ეს არ შეიძლება იმიტომ, რომ ამას სჭირდება კანონი. მაგრამ, როდესაც მე მაქვს ინფორმაცია კონკრეტული ადამიანების შესახებ, რომ ისინი ერთადერთ დავალებას ემსახურებიან, რამენაირად მეორე ფრონტი გააჩაღონ, რევოლუცია მოაწყონ, ჩემი ვალდებულებაა, რომ ამაზე საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო.
ისინი არიან ჯაშუშები, აგენტები და დავალების შემსრულებლები. ვაშაძე ადეიშვილის მოადგილეა, ეს ხომ ყველამ იცით, რა მნიშვნელობა აქვს რომელ მედიას წარმოადგენთ. ხომ ყველა იცით, რომ ვაშაძე იყო საქართველოში მოქმედი იმ სისხლიანი რეჟიმის ყველაზე სისხლიანი წარმომადგენელი, სისხლიანი მინისტრის მოადგილე, რომელიც სასამართლო სისტემას იყენებდა ადამიანების დასჯისთვის, რეპრესიებისთვის, ბიზნესის რეკეტისთვის და ვაშაძე ამ კაცის მოადგილე იყო.
რომ მოდის და რაღაცა სიტყვებს იძახის ჩვენს მიმართ, მერე არ უნდა უკვირდეს ის აგრესია, რომელიც მიიღო. ძალიან ცუდია. მე როგორც ვიცი გაილახა ვაშაძეც... ძალიან ცუდია ეს, მაგრამ ამას ითხოვენ ამდენი ხნის განმავლობაში, ყველაფერს აკეთებენ, რომ გაილახონ, ასეთი პროცესები წავიდეს.
მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენი გუნდის წევრებს თავშეკავებისკენ. რთულია, ადეიშვილის მოადგილე რომ გეძახის რუსს და პასუხი არ უნდა გასცე, რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.