15 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
პრეზიდენტი თავისი ქმედებებით აჩვენებს, რომ ჩვენ არ ვართ სახელმწიფო და არ ვმოქმედებთ კონსტიტუციის საფუძვლებით - შალვა პაპუაშვილი

მთავრობის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ვიზიტებს განაგრძობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, დღეს სალომე ზურაბიშვილი ლატვიის, ხვალ კი ლიეტუვის პრეზიდენტებს შეხვდება.

მმართველი გუნდის შეფასებით, პრეზიდენტი ისევ უხეშად არღვევს კონსტიტუციას, მისი არათანმიმდევრული მოქმედებები კი დამაზიანებელია ქვეყნის ინტერესებისთვის. შეფასება კეთდება ოპოზიციურ სპექტრშიც, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განმარტავს, საქართველოს პრეზიდენტი თავისი არაკონსტიტუციური ქმედებებით აჩვენებს, რომ საქართველოს არ არის სახელმწიფო და არ მოქმედებს კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში.

"საერთო ჯამში, პრეზიდენტი თავისი ქმედებებით აჩვენებს, რომ ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, ჩვენ არ ვმოქმედებთ კონსტიტუციისა და სამართლის საფუძვლებით. ეს არის მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მათ შორის, ეს არის ჩვენი პარტნიორების მიმართ დამოკიდებულების ნიშანიც. ის აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არა კონსტიტუცია და კანონია მნიშვნელოვანი, არამედ ცალკეული ადამიანის ნება-სურვილი და თუ ადამიანი ჩათვლის, რომ მას აქვს რაღაც ზე-მიზნები, ვიდრე არის კონსტიტუცია, მას შეუძლია თავისუფლად დაარღვიოს კონსტიტუცია და ამაზე საჯაროდ თავიც კი მოიწონოს. ამ მესიჯით როდესაც ჩადის პრეზიდენტი სხვა ქვეყანაში, რას იფიქრებს ის ქვეყანა, რა ვართ ჩვენ, რა წეს-წყობილება გვაქვს, რა უნდა ასეთ ქვეყანას საერთოდ ევროკავშირში კი არა, რაიმე კავშირში საერთოდ, სადაც სხვა ცივილიზებული ქვეყნები არიან. ამიტომ, თავის არსშივე მისი ქმედებები იმდენად არასწორია, რომ იქ უკვე რაზე საუბრობს, ამას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც პრეზიდენტი გადააბიჯებს კონსტიტუციას, ამის შემდეგ, მისი ქმედებების შედეგიც და შინაარსიც ქართველი ხალხის სასარგებლოდ არ იქნება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები