06 ოქტომბერი 2024,   17:50
ვრცლად
ლოგიკური პროცესი მიმდინარეობს - დაყოფა და შემდეგ პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობა - ირაკლი ზარქუა ენმ-ის შესახებ 

"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ დაპირისპირებას და ნიკა მელიას მიერ სხვა პლატფორმიდან ბრძოლის დაანონსებას მმართველ გუნდში აფასებენ. 

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ის პროცესები, რომელიც ახლა "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარეობს, ლოგიკური დასასრულია.

"ეს არის ლოგიკური დასასრული ამ მწვალებელთა პარტიის. ლოგიკური პროცესი მიმდინარეობს - დაყოფა და შემდეგ პოლიტიკური ასპარეზიდან გაქრობა. იქ, სადაც მთავარი ოპოზიციური პარტია გქვია და ხაბეიშვილია თავმჯდომარე, იქ დამთავრებული ხარ როგორც პარტია. იქ, სადაც მწვალებელთა პარტია გერქვა და თავმჯდომარე იყავი და ხაბე ჩამოგაგდებს, იქ შენი როგორც ლიდერის თემაც დამთავრებულია. რაც უნდა ის დაირქვას. ლუზერების პარტია, ლუზერების პლატფორმა - ამას ვეძახით ჩვენ. ყველა ხელმოცარულია გაერთიანებული მანდ. ეტყობა, ნიკა მელიას უნდა ცალკე გავიდეს. ამათი ამოცანა იქნება არა არჩევნები, არამედ ისევ პატარ-პატარა პროვოკაციები ქართული სახელმწიფოსთვის, სადაც ჩვენ ადეკვატურ პასუხს გავცემთ, როგორც აქამდე ვცემდით,“ - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთადერთი სურვილი ძალაუფლების დაბრუნებაა. 

"იმდენად დაცლილია შინაარსისგან და დღის წესრიგისგან მთლიანად ეს რადიკალური ოპოზიცია, ვინ სად შევა, ვინ სად გამოვა, ვინ სად შეიკრიბება, ამას არანაირი ფასი აღარ აქვს საზოგადოებისთვის, ვინაიდან, ეს ადამიანები ყოველ ჯერზე ატყუებენ საკუთარ მხარდამჭერებსაც კი. ერთმანეთის მიმართ აქვთ უნდობლობა. ერთადერთი ოცნება რაც აქვთ, ეს არის ხელისუფლებაში ყოფნა და ძალაუფლება. ესეც უნდათ იმისთვის, რომ ისევ ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების საწინააღმდეგოდ და დასარბევად გამოიყენონ. არაფერი არ გამოუვათ,“ - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები