პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს უკვე ლიეტუველ კოლეგას შეხვდა - ვილნიუსში ვიზიტიც მთავრობის ნებართვის გარეშე შედგა. სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გასვლა მმართველი გუნდისთვის ავტომატურად ისევ კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას ნიშნავს. "ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ სამართლებრივთან ერთად პრეზიდენტის შეუთანხმებელი ვიზიტები პოლიტიკურადაც კონტრპროდუქტიული იქნება, პირველ რიგში, კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის.
ამბობენ, რომ იმპიჩმენტს მხარს არ უჭერენ, თუმცა პრეზიდენტთან საკუთარი ანგარიში აქვს "ნაციონალურ მოძრაობა" - მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. პარტიის წევრების ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის საკითხი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა; ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი კი დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილი საერთაშორისო პარტნიორებთან მხოლოდ სტატუსის მიღებას ლობირებს.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ პრეზიდენტის ნეგატიური როლი უკვე გამოჩნდა იმ განცხადებებში, რომელიც ზურაბიშვილთან შეხვედრების შემდეგ საჯაროდ გაკეთდა.
ლიეტუვაში ჩასვლამდე პრეზიდენტი ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებში ესტონეთსა და ლიტვაში იმყოფებოდა - ეს კი იმ ფონზე, როდესაც სალომე ზურაბიშვილის წინა ვიზიტები მისი იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი გახდა.