15 ნოემბერი 2024,   19:03
ვრცლად
შეხვედრები ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების პარლამენტის პირველ პირებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან - ქართული საპარლამენტო დელეგაცია დუბლინიდან თბილისში კონკრეტული დაპირებებით ბრუნდება

ევროპის საბჭოს პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენცია, შეხვედრები ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების პარლამენტის პირველ პირებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან - ქართული საპარლამენტო დელეგაცია დუბლინიდან თბილისში კონკრეტული დაპირებებით ბრუნდება.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონმდებლებმა შალვა პაპუაშვილს ორი დღის განმავლობაში, ყველა შეხვედრაზე დაუდასტურეს ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე აქვს. ამას გარდა, ევროპელმა პოლიტიკოსებმა თბილისიდან ჩასულ საპარლამენტო დელეგაციას განუცხადეს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას მათი ქვეყნების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

ორმხრივი შეხვედრების დროს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გარდა, საუბრის თემები იყო მომავალი საპარლამენტო არჩევნები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ორმხრივი შეხვედრების დასრულების შემდეგ მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის სპიკერმა ოფიციალური დუბლინის პოზიცია გააჟღერა, რომლის თანახმად ირლანდია ევროკავშირის გაფართოებას საქართველოს გათვალისწინებით ემხრობა.

"ყველა კოლეგის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს, რომ საქართველოს დეკემბერში სტატუსი მიენიჭოს. თავად კონფერენციაზეც იყო მნიშვნელოვან თემებზე საუბარი როგორც უკრაინის მხარდაჭერის მხრივ და უკრაინის ომის დასრულების შემდეგ უკრაინის აღმშენებლობის ფორმატთან დაკავშირებით, ასევე იმ გამოწვევებზე, რაც დღეს დემოკრატიებს აქვთ მთელ მსოფლიოში. კერძოდ, დეზინფორმაციის პრობლემებზე, რაც თანამედროვე დემოკრატიებს ახალ გამოწვევებს უქმნის. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამას შეეწინააღმდეგონ სახელმწიფოები იმისთვის, რომ დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა სხვადასხვა დეზინფორმაციული კამპანიებით არ მოხდეს. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩვენი კოლეგების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა გვაქვს. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ გადაწყვეტილება კონსესუსით მიიღება.

აქ ევროკავშირის ყველა ქვეყანა მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ერთ ქვეყანასაც შეუძლია რაღაც გადაწყვეტილებები დაბლოკოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრი ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს უპირობო მხარდამჭერები არიან, იყვნენ განსაკუთრებით ხმამაღალი ამ მხარდაჭერაში, რათა იმ შემთხვევაში თუ სკეპტიკოსები გამოჩნდებიან და სამწუხაროდ ამას ვხედავთ ხოლმე სხვადასხვა განცხადებებით, ამ სკეპტიკოსებმა საკუთარი პოზიციები ვერ გაიტანონ. ჩვენ ვაკვირდებით, რომ პირდაპირ პროპორციულია საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ნეგატიური დამოკიდებულება იმის, თუ რამდენად მეგობარია ვიღაც მიხეილ სააკაშვილის. ამ სურათის ხილვა ძალიან სამწუხაროა ხოლმე, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური წრეების განცხადებებში გვხვდება. ამ შემთხვევაში საქართველოს მეგობრებმა უნდა გაიმარჯვონ და ქართველმა ხალხმა მიიღოს ის დამსახურებული წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე, რასაც ჩვენ არა მხოლოდ ეს წელიწად-ნახევარი, არამედ მთელი დამოუკიდებლობის შემდეგ ბრძოლით, სახელმწიფო ინსტიტუციების მშენებლობით და ჩვენი ქვეყნის იმ პოზიციებზე გაყვანით ვიმსახურებთ, რითაც ბევრი რეიტინგით ვუსწრებთ ყველა კანდიდატ და რიგ შემთხვევაში ევროკავშირის ქვეყნებსაც," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები