პარტია "გირჩის" ლიდერის ალექსანდრე რაქვიაშვილს განცხადებით რევოლუციები დაგეგმვით არ ხდება, ამისთვის მინიმუმ საზოგადოების გაბრაზებაა საჭირო, ხოლო თუ "ქართულ ოცნებას" რევოლუცია არ სურს, მაშინ ხალხი არ უნდა გააბრაზონ. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ეს განცხადება სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
"საფრთხეს ნამდვილად არ წარმოადგენს, დაწყებული იქიდან, რომ რევოლუციები არ ხდება მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცამ ეს, უბრალოდ, დააორგანიზა, ჯერ ხალხი უნდა გააბრაზო და არ გააბრაზონ ხალხი და არც რევოლუცია მოხდება.
თანაც - ერთი ამ გენდერულ რაღაცებს აფინანსებენ და მეორე - ეს რევოლუციები, ორივე გაუგებარია იმიტომ, რომ ფაქტობრივად არაფერ შუაში არ არის ჩვენს კეთილდღეობასთან. რატომ ფლანგავენ ფულს, ან ვისზე ფლანგავენ, არ მესმის, მაგრამ, სიამოვნებით დავესწრებოდი ასეთ ტრენინგს, რომ გავარკვიო რა ხდება. არ მგონია რეალობაში რაღაც რისკებს შეიცავდეს", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ავტოკრატებს კარგად ორგანიზებული მშვიდობიანი პროტესტის ძალიან ეშინიათ.
"ეს არიან ჯგუფები, რომლებიც არაძალადობრივი გამოხატვის უფლების შესახებ ატარებენ სხვადასხვა ქვეყნებში შეხვედრებს და აქტივობებს. ეს არიან ჯგუფები, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა დემოკრატიულ სახელმწიფოში, მაგრამ მათ დევნიან და თავს ესხმიან იმიტომ, რომ ავტოკრატებს ძალიან ეშინიათ მშვიდობიანი პროტესტის, განსაკუთრებით, კარგად ორგანიზებული მშვიდობიანი პროტესტის", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, სუს-ი ოპერატიულ ჩანაწერს ავრცელებს, სადაც, მათი ინფორმაციით, "კანვასის" წევრებისა და NGO-ების შეხვედრაა ასახული,რომლებმაც, უწყების ცნობით, გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში.