შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებაზე შეფასება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცვლილება, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ეხება, ეროვნული ინტერესისთვის მნიშვნელოვანია.
"რაც შეეხება კონსტრუქციების მოწყობას, ეს ისედაც შეზღუდული იყო და არის საქართველოში. სხვადასხვა ინტერპრეტაცია ხდებოდა, როგორც აქციის ორგანიზატორის, ასევე მონაწილეების მხრიდან. მნიშვნელოვანია ამ მხრივ სიცხადე შევიდეს. ინიციირებული პროექტი სრულ თანხვედრაშია, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკასთან, ისე საერთაშორისოსთან. ასევე, განპირობებულია იმ რისკებით, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიებით იქნა წარმოდგენილი და ასევე დღეს გასაჯაროებული ინფორმაციის საფუძველზე. ეს ჩვენი ეროვნული ინტერესისთვის მნიშვნელოვანია," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.