15 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
"მოვუწოდებთ პარლამენტს, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ჩართულობის გარეშე არ მოხდეს ამ ანტიკონსტიტუციური კანონის განხილვა" - თინა ბოკუჩავა

შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას და ახალი ამკრძალავი ნორმები ამოქმედებას ოპოზიცია აფასებს.  

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ კანონის განხილვა არ უნდა მოხდეს ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ჩართულობის გარეშე. 

"მოვუწოდებთ პარლამენტს, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ჩართულობის გარეშე არ მოხდეს ამ ანტიკონსტიტუციური კანონის განხილვა საქართველოს პარლამენტში, მაშინ როდესაც ერთი თვეა დარჩენილი კანდიდატის სტატუსის განხილვამდე. რუსული კანონის ახალი ნაირსახეობა ვერ შეაშინებს საქართველოს მოქალაქეებს და ვერ შეაჩერებს იმ მშვიდობიან პროტესტს, რომელიც შეიძლება საქართველოს მოქალაქეებმა სხვადასხვა თემებზე გამოხატონ," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტს მათი მხარდაჭერა არ ექნება. 

"ამ კანონპროექტს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. როდესაც ხელისუფლება იწყებს ასეთ რაღაცებზე ფიქრს, მთლად კარგად ვერ არის იმ ხელისუფლების საქმე და ის ხელისუფლება უკვე არის ჩაბღაუჭებული თავის სკამებს, ძალაუფლებას და იწყებს თითქოს მისთვის საფრთხის შემცველი საფრთხეების ამოქოლვას. "ქართულმა ოცნებამ" უფრო იმაზე იფიქროს, ხალხი რატომ არის გაღიზიანებული და გაბრაზებული და არა იმაზე, ხალხს მანიფესტაცია და კარვების დადგმა აუკრძალონ," - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა. 

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცვლილება, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ეხება, ეროვნული ინტერესისთვის მნიშვნელოვანია.

"რაც შეეხება კონსტრუქციების მოწყობას, ეს ისედაც შეზღუდული იყო და არის საქართველოში. სხვადასხვა ინტერპრეტაცია ხდებოდა, როგორც აქციის ორგანიზატორის, ასევე მონაწილეების მხრიდან. მნიშვნელოვანია ამ მხრივ სიცხადე შევიდეს. ინიციირებული პროექტი სრულ თანხვედრაშია, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკასთან, ისე საერთაშორისოსთან. ასევე, განპირობებულია იმ რისკებით, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიებით იქნა წარმოდგენილი და ასევე დღეს გასაჯაროებული ინფორმაციის საფუძველზე. ეს ჩვენი ეროვნული ინტერესისთვის მნიშვნელოვანია," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები