15 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ ეთქვა პრეზიდენტს საერთაშორისო ვიზიტებზე უარი

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ ეთქვა პრეზიდენტს საერთაშორისო ვიზიტებზე უარი.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას და პრეზიდენტს რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ და "ეს იყო მატერიალური საფუძველი, რის გამოც პრეზიდენტს ვიზიტის განხორციელებაზე უარი ეთქვა".

"რა თქმა უნდა, არსებობდა პოლიტიკური საფუძველიც, პოლიტიკურ-კონსტიტუციური, რომ მთავრობას არ მიეცა თანხმობა პრეზიდენტისთვის ამ ვიზიტების განხორციელებაზე. მთავრობას არგუმენტაცია არ სჭირდება, მაგრამ პოლიტიკური არგუმენტები არსებობდა.

მთავარი არგუმენტი რა არის - პრეზიდენტს და მთავრობას რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით, მათ შორის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც არაერთხელ გახმოვანდა პრეზიდენტის მხრიდან. პრეზიდენტი მობრძანებული იყო საქართველოს პარლამენტში, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს. მთავრობა მიდის ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში და საუბრობს 12-დან თითოეული პუნქტი, რა ფორმით და ხარისხით არის განხორციელებული, ამ დროს პრეზიდენტი აცხადებს, რომ 12-ვე პუნქტი მხოლოდ ფორმალურად სრულდება,"- განაცხადა კობახიძემ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინა და აღნიშნა, რომ კობახიძე წარდგინების თემას გასცდა. მან შუამდგომლობა დააყენა, რომ მათაც მიეცეთ იმ საკითხებზე ხედვების წარდგენის შესაძლებლობა, რაზეც კობახიძემ ისაუბრა.

"ჩვენ არ გაგვიჭირდება არც ერთ იმ ფაქტზე საუბარი, რასაც ახლა ბატონი ირაკლი საუბრობს, მაგრამ სრულიად სცილდება წარდგინების ფარგლებს, გადავიდა პოლიტიკურ ნაწილში, თან რაღაც შიდაკულუარულ ინფორმაციებში," - აღნიშნა კოპალეიშვილმა.

საპასუხოდ, მოსამართლე მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ მხარეებს სიტყვის წარმოთქმის დროს არ შეზღუდავს.

"არ შეგზღუდავთ ქალბატონო მაია, ისაუბრეთ. ვინაიდან ჩვენ რეგლამენტი არ გვაქვს განსაზღვრული, აქედან გამომდინარე, არც ერთს და არც მეორეს არ შეგზღუდავთ", - მიმართა ტურავამ კოპალეიშვილმა.

აღნიშნულის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რასაც საუბრობს, წარდგინებაში წერია.

გარდა ამისა, მოსამართლე ტურავამ აღნიშნა, რომ პრეზიდენტს შეეძლო ესარგებლა უფლებით, რომ სასამართლოსთვის თავისი ახსნა-განმარტებები გაეგზავნა, მაგრამ ტურავას ინფორმაციით, პრეზიდენტმა ამ უფლებით არ ისარგებლა.

"ცოცხალი წარმომადგენლები ვართ და დარწმუნებული ვარ, ჩვენგან მოსმენილი ახსნა-განმარტება დაგაკმაყოფილებთ", - მიმართა ტურავას მაია კოპალეიშვილმა.

დღის ამბები