პრეზიდენტის იმპიჩმენტი და საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე უპრეცედენტო პროცესი პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა პარლამენტში.
სხდომაზე იყო კამათი. "არ მოდის რევოლუცია, დამშვიდდით" - სალომე სამადაშვილმა, ამ განცხადების გაკეთებამდე სხდომათა დარბაზში მსხდომ დეპუტატებს მოასმენინა ნაწყვეტი მხატვრული ფილმიდან "ნატვრის ხე" - "მოდის გაცოფებული მღელვარება, დელგმა, ნიაღვარი, რევოლუცია მოდის“, რის შემდეგაც განაცხადა, რომ რევოლუცია საქართველოში არ მოდის.
"არ მოდის რევოლუცია, დამშვიდდით, ან დამამშვიდებლები დალიეთ, იმიტომ, რომ უკვე არ არის სერიოზული ქართველი ხალხის დაცინვა თქვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან. რატომ არ მოდის რევოლუცია, ახლა აგიხსნით, იმიტომ, რომ თქვენი გეგმა, საბოტაჟი მოგეწყოთ ჩვენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსისთვის, ჩაშლილია! ევროკავშირმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც თქვენ გააკეთეთ, ჩაშლილი 12 მოთხოვნისა, სამარცხვინო მასკარადის, რომელიც დღეს ბათუმში მიმდინარეობს პრეზიდენტის იმპიჩმენტის სახით, სამარცხვინო ინიციატივების, რუსული კანონის, ახლა დაწყებული ახალი რუსული მასკარადის მანიფესტაციების შეზღუდვის შესახებ, ევროკავშირს აქვს მტკიცედ გადაწყვეტილი, რომ „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილსა და რუსეთს არ მისცეს შანსი, რომ ჩვენი ქვეყანა დარჩეს კანდიდატის სტატუსის გარეშე,"- განაცხადა პარლამენტის წევრმა, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა.