პარლამენტში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ურთიერთბრალდებები ისმის. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი სესიაზე სუს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს გამოეხმაურა, სადაც, მისი თქმით, ჩანს, რომ USAID-ის დაფინანსებით ტარდებოდა ტრენინგები, ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის შემოტანისათვის.
"გუშინწინ გავრცელებული ინფორმაცია, ვითომ არაძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის ტრეინიგებთან დაკავშირებით, არაძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის უკან რაც იმალება ძალიან კარგად ვიცით, ამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ძალიან ბევრი რევოლუცია მოხდა, რომლებიც სწორედ არაძალადობრივი ლოზუნგებით იწყებოდა და შემდეგ საშინელი სისხლისღვრებით მთავრდებოდა. დემოკრატიის და კეთილდღეობის ნაცვლად ყველგან მივიღეთ ავტოკრატიული რეჟიმების განმტკიცება, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა, ასეულ-ათასობით ადამიანის სიკვდილი, ათეულ მილიონობით ლტოლვილი და განადგურებული ეკონომიკები. როგორც ახლა, მაშინაც USAID-ის პროექტები იყო გამოყენებული იმ ახალგაზრდების დასატრეინინგებლად, რომლებსაც როგორც დღეს, მაშინაც ასწავლიდნენ პოლიციის მიმართ ძალადობას, პოლიციის დისკრედიტაციას, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას და ა.შ,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარე სოზარ სუბარი.