15 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი - პოლიტიკური შეფასებები პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს შეფასებები პარლამენტის შენობაშიც მოჰყვა. "ქართული ოცნება" თვლის, რომ 49-ე მუხლზე აპელირებით პრეზიდენტის მხარე თავდაყირა აყენებს ქვეყნის კონსტიტუციურ მოწყობას. 

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე პრეზიდენტის წარმომადგენლების არგუმენტებს აბსურდულს უწოდებს. საუბარია კონსტიტუციის 49-ე მუხლზე, რომელიც სხდომაზე მოპასუხეებმა სალომე ზურაბიშვილის პოზიციების დასაცავად მოიშველიეს. სასამართლოში სადავო კი 52-ე მუხლის დარღვევაა, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას ეხება და არა მის სტატუსს. მამუკა მდინარაძის შეფასებით, ზურაბიშვილის მხარემ ქვეყანაში არსებული საპარლამენტო მმართველობის ფორმა ეჭვქვეშ დააყენა.

დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი - ოპოზიციისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამბობენ, რომ დღევანდელ პროცესს, რომელიც იმპიჩმენტის დაწყების წინაპირობაა, პოლიტიკური შინაარსი აქვს და ის ევროინტეგრაციას უქმნის საფრთხეს. ხელისუფლების ოპონენტები სასამართლოს გადაწყვეტილების ობიექტურობას წინასწარვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ევროინტეგრაციას ქვეყანაში სწორედ კონსტიტუციის უპატივცემულობა აზიანებს. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ პრეზიდენტს არგუმენტები არ აქვს და პროცესზე არ დასწრებით მისთვის უხერხულ შეკითხვებს თავი აარიდა. უმრავლესობა დღეს ინტერესდებოდა იმითაც, თუ რით დაასაბუთებდა პრეზიდენტის შეუთანხმებელ ვიზიტებს მისი წარმომადგენელი და წარსულში "ქართული ოცნების" ვიცე- სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, რომელიც წლების წინ კონკრეტული საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორიც იყო.

საკონსტიტუციო განხილვა დღეს პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა. პოლიტიკური განცხადებები სესიაზეც გაკეთდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გადაწყვეტს, გადაინაცვლებს თუ არა პროცესი საქართველოს პარლამენტში. პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრას კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი და შემდეგ უკვე 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

 

დღის ამბები