"კანვას საქართველოს" ერთ-ერთი ხელმძღვანელი, უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს. ნინო გოგიბერიძე, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. რა შეკითხვები ჰქონდა გამომძიებელს, "კანვასის" წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, თქვა მხოლოდ ის, რომ გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი, ტრენინგის ფარგლებში წაკითხული ლექცია კი, მისი მტკიცებით, რევოლუციურ გეგმასთან კავშირში არ არის.
"კანვას საქართველოს" ხელმძღვანელის გამოკითხვაზე დაბარების საფუძველი, უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერია, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი სწორედ ნინო გოგიბერიძეა. საქმის მასალების თანახმად, გოგიბერიძე "კანვასის" სერბ ტრენერებთან ერთად, 26-29 სექტემბერს გამართული კონფერენციის მონაწილეა, რომელმაც ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო აქტივისტებს ჩაუტარა. ფარულ ჩანაწერში "კანვას საქართველოს" ხელმძღვანელი იმ მიზნებს თვლის, რასაც აქციების მონაწილეებმა ჯერ ერთმანეთთან უნდა მიაღწიონ და შემდეგ ჩამოშლის გეგმაზე უნდა გადავიდნენ.
სასამართლოში გოგიბერიძის გამოკითხვას "კანვას საქართველოს" ხელმძღვანელი გულშემატკივრობდა. გიორგი მელაძეც ადასტურებს, რომ ამ შინაარსის ტრენინგებს ორგანიზაცია რამდენიმე წელია ატარებს. მისი განცხადებით, უცხოელ პარტნიორებთან ერთად ჩატარებულ ლექციებს დესტაბილიზაციის გეგმასთან კავშირი არ აქვს და ის არც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერები, პოლიტიკური განცხადებების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პარლამენტში. ოპოზიცია გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და სუს-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს მტკიცებულებად არ თვლის. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ოპონენტების რევოლუციური გეგმები რეალურია.
"ნაციონალურ მოძრაობა", რომლის მხარდამჭერები და თანამოაზრეები რევოლუციური გეგმის მთავარ ფიგურანტებად დასახელდნენ, "კანვასის" ტრენინგებში პრობლემას ვერ ხედავს. "ქართული ოცნების" ლიდერები კი არეულობის სცენარს რეალურს უწოდებენ, თუმცა ამბობენ, რომ დესტაბილიზაციას ქვეყანაში ხელისუფლება არ დაუშვებს.
ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უსაფრთხოების სამსახურმა, ფარული ჩანაწერების მთავარი ფიგურანტები - "კანვასის" სერბი ლიდერები უკვე გამოკითხვა, რომლებიც სუს-ის ინფორმაციით, ოქტომბერ-ნოემბერში დაგეგმილი რევოლუციური პროცესებისთვის ახალგაზრდებს ამზადებდნენ. დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია წერილობით გაავრცელა USAID-მა და განმარტა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის ფარგლებში, ამერიკული გავლენიანი ორგანიზაცია თანამშრომლობს სხვადასხვა არასამთავრობოსთან, მათ შორის სუს-ის მიერ ნახსენებ CANVAS-სთან. USAID-ის პროექტებთან დაკავშირებით, განცხადება შეერთებული შტატების საელჩომაც გაავრცელა და ბრალდებას დაუსაბუთებელი უწოდა.