გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში საზეიმო მიღება გაიმართა. პრემიერ-მინისტრი მიღებაზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო პოლიტიკაში გერმანიის როლზე ისაუბრა.
"დღეს, როგორც არასდროს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის როლი გადამწყვეტია მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის ჩვენს კონტინენტზე" - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი და ორი ქვეყნის ურთიერთობას სასარგებლო პარტნიორობას უწოდებს.
"ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ გერმანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ჩვენი ევროპული არჩევანისადმი, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის მტკიცე ნებას. ძვირფასო მეგობრებო, გასული წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი იმპულსი შესძინა ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან. მას შემდეგ საქართველო გულმოდგინედ მუშაობს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და ვიმედოვნებთ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ მიერ მიღწეული შესამჩნევი პროგრესი შესაბამისად იქნება აღიარებული. დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს წინსვლას და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსადმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მტკიცედ დააკავშირებს ევროკავშირთან. ამ საქმეში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას ველით.
დიდად ვაფასებთ გერმანიის ურყევ მხარდაჭერას და ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხისადმი.
გერმანიის არსებითი ჩართულობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, სადაც ის მუდმივად თამაშობს წამყვან როლს, ძალიან დასაფასებელია. საქართველოსთვის გერმანიის განსაკუთრებული როლის კიდევ უფრო ცხადი დემონსტრირებისთვის, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ის არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი. უზრუნველყოფილმა დახმარებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს განვითარებასა და დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში და მოუთმენლად ველით, თანამშრომლობის გაგრძელებას ჩვენი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის სისრულეში მოსაყვანად," - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
დღესვე სტუმრებს სიტყვით მიმართა გერმანიის ელჩმაც, რომელმაც ორად გაყოფილი გერმანიის გაერთიანებას, მეზობელი სახელმწიფოებისთვის ახალი ეპოქის დასაწყისი უწოდა.
"დღეს გერმანიის გაერთიანების დღეს აღვნიშნავთ. ეს იყო რკინის ფარდის დასასრული მთელს ევროპაში. ახალი ეპოქის აყვავება გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილისთვის და ბევრი ჩვენი მეზობელი სახელმწიფოსთვის. ეს ნაცნობ სიტყვებად უნდა ჟღერდეს საქართველოსთვის .არსებობს საიდუმლო, თუ როგორ გახდა ეს შესაძლებელი. პრემიერ-მინისტრო, დღეს საღამოს ვაპირებ ამ საიდუმლოს გამჟღავნებას, რომელიც, სხვათა შორის, თქვენ უკვე იცით. საიდუმლო ევროკავშირია. ევროკავშირი არის ჩვენი მშვიდობის, სტაბილურობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის საფუძველი. ოთხივე ერთმანეთთან არის დაკავშირებული. საკმაოდ რთულია ერთი მეორის გარეშე. ევროკავშირი, ქალბატონებო და ბატონებო, უკვე ხელმისაწვდომია საქართველოსთვის. უკვე დროა და ეს საქართველოს გადასაწყვეტია. კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება ისტორიული შესაძლებლობაა. ადამიანები ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. პოლიტიკოსებმა უნდა განახორციელონ ის. პოლიტიკაში, სამწუხაროდ, შედეგი არასოდეს არის განსაზღვრული. ევროკავშირი რთულია, მაგრამ საუკეთესო ვარიანტია. მოდით, ეს ერთად გავაკეთოთ. გერმანია ყოველთვის იყო საქართველოს გვერდით გადამწყვეტ მომენტებში. მოდით 2023 შევქმნათ კიდევ ერთი ფლაგმანი. მოხარული ვარ და მაქვს იმედი, რომ კანდიდატის სტატუსს მიიღებთ დეკემბერში, რომ ჩვენ შეგვიძლია აღვნიშნოთ ეს ერთად საქართველოში, წინანდალსა და თბილისში პირველ მაისს, როდესაც გავმართავთ ლეგენდარულ კონცერტს ევროპის დღისთვის და მეორე კონცერტს თბილისში, ორ მაისს. შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ გაწევრიანების მოლაპარაკებები და შემდეგ მივიდეთ წევრობამდე. ეს იქნება გამარჯვება,“ - განაცხადა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერმა.