საკონსტიტუციო სასამართლო უკვე სამი საათია პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე კონსტიტუციურ წარდგინებას განიხილავს.
დილიდან მოსამართლეთა კოლეგიის კითხვებს ირაკლი კობახიძე პასუხობდა. სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენლებსა და ირაკლი კობახიძეს შორის იყო კამათიც.
"ჰიპოთეზურად რომ ვისაუბროთ, შეიძლება მთავრობამ თქვას, რომ ისედაც ქალბატონი სალომე არის საბოტაჟის რეჟიმში, მოდით სახელმწიფოს გავუფრთხილდეთ, ამ ეტაპზე ნუ დავძაბავთ და არ გვინდა კანონის გასწორება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძეს სიტყვის დასრულება არ აცადა ადვოკატმა, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა და მოსამართლეებს მოუწოდა არ დაუშვან საქართველოს პრეზიდენტის მსგავსი სიტყვებით საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში მოხსენიება.
"როდესაც ხდება საქართველოს პრეზიდენტის ასეთი სიტყვებით მოხსენიება, რომ ის ეწევა საბოტაჟს არღვევს კანონს და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ეს არ უნდა დაუშვათ აქ, ამ დარბაზში. თქვენ რადგანაც ახლა არ შეაჩერეთ პარლამენტის წარმომადგენელი, მაშინ მე როგორც წარმომადგენელი, ვსარგებლობ სრული უფლებით, რომ მე დავაყენო შუამდგომლობა, მოიხსნას ისეთი პასუხები, სადაც საუბარია დაუსაბუთებელ ფაქტებზე, ამას სჭირდება შესაბამისი დასაბუთება", - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.