საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეზე ზეპირი მოსმენა ისევ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ირაკლი კობახიძეს მოსამართლეებმა სხვადასხვა თემაზე არაერთი კითხვა დაუსვეს.
მათ აინტერესებდათ რატომ დაიწყო მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, ასევე როგორ უნდა გაიმიჯნოს სტატუსი და უფლებამოსილებები და როგორ რეგულირდება ეს.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხელისუფლების მთავარი კრიტერიუმი ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციაა და არ აქვს მნიშვნელობა ვიზიტის დროს ის ვინმეს შეხვდება, ესაუბრება თუ არა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ნებისმიერ ქვეყანაში ვიზიტი უკვე ნიშნავს იმას, რომ ის საქართველოს სახელით აკეთებს პოლიტიკურ განცხადებას.
"მთავარი კრიტერიუმი არის კომუნიკაცია. ნებისმიერი ტიპის კომუნიკაცია, რომელიც მყარდება სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენელთან. ეს შეიძლება პარლამენტის წევრი იყოს, მიუხედავად შინაარსისა. ეს ქალბატონმა სალომემაც იცის და წინა პრეზიდენტმაც იცოდა. მაგალითები რომ მოვიყვანოთ, რატომ საჭიროებს დაკრძალვაზე დასწრებას: შეიძლება საერთოდ არავის არ შეხვდეს და არ დაელაპარაკოს დაკრძალვაზე, მაგალითად დიდ ბრიტანეთში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის სახელმწიფოს დამოკიდებულების გამოხატულება სხვა სახელმწიფოს მიმართ. უხეში მაგალითი რომ წარმოვიდგინოთ, მაგალითად: პრეზიდენტი ჩადის ვენესუელაში, რომელსაც აქვს აღიარებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა - ეს ხომ არის პოლიტიკური განაცხადი, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს სახელით აკეთებს პოლიტიკურ განაცხადს. საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს, რამეს იტყვის ვინმეს შეხვდება თუ ა.შ.
მთავარია უნდა დადგინდეს დარღვევა, კონსტიტუცია დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა. რაც შეეხება თვითონ სიმძიმეს, განზრახვას და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს შეიძლება ახდენდეს გადაწყვეტილებას ბოლოს, პარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს თვითონ კონსტიტუციის დარღვევაზე.
რაც შეეხება ანგარიშსწორებას, პრეზიდენტი თავის თანამდებობაზე 5 წელი იყო და კიდევ ერთი წელი რჩება. რეალურად, პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენთვის ეს არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს", - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ვიზიტების განხორციელებაზე უარის თქმის პერიოდზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის უარის თქმის მიზეზი, არა კონკრეტული ვიზიტის შინაარსი იყო, არამედ უარი ეთქვა მას შემდეგ, რაც მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევამ, სისტემატური ხასიათი მიიღო.
"რაც შეეხება ფიროსმანის გამოფენაზე არგაშვებას, რეალურად, ფიროსმანის გამოფენაზე წასვლაზე კი არ ეთქვა პრეზიდენტს უარია. პრეზიდენტს, კონკრეტული თარიღიდან მოყოლებული უარი ეთქვა ყველა ვიზიტის განხორციელებაზე, მას შემდეგ, რაც სისტემატური ხასიათი შეიძინა მის მიერ კონსტიტუციის დარღვევამ და მას შემდე, რაც აღიძრა იმპიჩმენტის პროცედურა", - განაცხადა კობახიძემ.