15 ნოემბერი 2024,   20:31
ვრცლად
"რეკორდი, ერთ წუთში რაიმე სიძულვილი თქვათ, გაიმეორეთ" - პარლამენტში მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა ურთიერთბრალდებების და კამათის ფონზე მიმდინარეობს. პროექტის განხილვა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით პლენარულ სხდომაზე მიმდინარეობს.

"ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: 1. საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; 2. ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; 3. იწვევს დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას. ცვლილებებს ოპოზიცია აპროტესტებს.

პარტია "ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ "სამარცხვინოდ დაადანაშაულა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, რომ ხელ უწყობს სახელმწიფო გადატრიალების მომზადებას".

"გყავდათ შინაგან საქმეთა მინისტრი ჭიკაიძე, რომელმაც 2014 წელს გამოაცხადა, რომ საბურავების რევოლუცია იგეგმებოდა, მაშინ რატომ არ აკრძალეთ საბურავების გაყიდვა?! პარლამენტის თავმჯდომარემ სამარცხვინოდ დაადანაშაულა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, რომ ხელ უწყობს სახელმწიფო გადატრიალების, ფაქტობრივად, მომზადებას. გეგმავთ მოითხოვოთ USAID-ის გაძევება ქვეყნიდან?" - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა.

"გილოცავთ ქალბატონო სალომე, რეკორდი - ერთ წუთში რაიმე სიძულვილი თქვათ, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ, გაიმეორეთ", - უთხრა რეპლიკის სახით პაპუაშვილმა სამადაშვილს.

"გირჩის" ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილი შეფასებით, საკითხის განხილვა არადამაჯერებელია, მან სესიაზე კითხვა დასვა: თუ სუსი იტყოდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში უნდა ჩაედოთ, ამ შემთხვევაში აკრძალავდნენ თუ არა მანქანების გამოყენებას.

"ზოგადად, ეს კარვები ხომ სისულელეა. მგონი ყველას უშლიდა ხელს, ოპოზიციასაც, დადგამდნენ და მერე არ იცოდნენ რა ექნათ ამ კარვებისთვის, მაგრამ სუსს რომ ეთქვა, ბომბი მანქანაში უნდა ჩადონო? მაშინ მანქანებს ავკრძალავდით?!", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით კი, მმართველ გუნდს კარვებისა და რევოლუციის ეშინია.

"თქვენ გეშინიათ კარვის. გელანდებათ ვარდების რევოლუცია. ვარდების რევოლუციიდან კარვების რევოლუციამდე", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის თქმით, წინა მმართველობის პერიოდშიც ცვლიდნენ კანონს მანიფესტაციის შესახებ, თუმცა ამან მათ არ უშველა და დღეს ოპოზიციაში სხედან.

"გავიხსენოთ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის ბოლო წლები. სამთავრობო შენობებთან ადრე თუ 20 მეტრზე მეტად არ შეიძლებოდა მიახლოება 50 მეტრამდე გაზარდეს ეს დისტანცია და პანტაპუნტით იჭერდნენ აქტივისტებს, მაგრამ საერთო ჯამში ამან არ უშველა, აგერ ოპოზიცია სხედან ეს ხალხი. რატომ ნაყავთ წყალს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი აქცია მაშინ, როცა მანიფესტაციაზე კარავი საერთოდ არ იყო გამოყენებული.

"გვახსოვს, როდესაც ხელისუფლებამ სისხლიანად დაარბია მშვიდობიანი აქციები მაშინ, როდესაც ერთი კარავიც არ იდგა რუსთაველის გამზირზე. რა უშლიდა ხელს სამართალდამცველ ორგანოებს საზოგადოებრივი წესრიგი დაეცვათ წინარე გამოსვლების დროს", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილს უპასუხა მმართველი გუნდის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა და მას ყოფილი ხელისუფლების ქმედებები გაახსენა.

"წინა გამომსვლელი აქციების სისხლიან დარბევებზე საუბრობდა. ვფიქრობ, თქვენმა ინიციატივამ უკვე იმოქმედა, "ნაციონალური მოძრაობას" თვითრეფლექსია ჩაერთო", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს კარვების გაშლა იკრძალება. მისივე თქმით, სინამდვილეში იზღუდება მისი არამიზნობრივად გამოყენება.

"აშკარად ხელოვნურად, დამახინჯებულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კარავი იკრძალება - არა. შეიზღუდება, არამიზნობრივად, სიმულაციურად კარვების გამოყენება, ეს განსხვავდება იმისგან, რაც არის კარვების აკრძალვა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, აქციებს წინ უსწრებს ისეთი განცხადებები, რომლის შემდეგაც ყოფილი მაღალჩინოსნები საქართველოში კონტეინერებით შემოდიან.

"უკრაინელი სამხედროების დაკავება, რომლებიც კბილებამდე შეიარაღებულნი ბრძანდებოდნენ და რა მიზნები ჰქონდათ მათ საქართველოში, კარგად მოეხსენება საზოგადოებას. სწორედ, ასეთი განცხადებების შემდეგ აღმოვაჩინეთ ფაქტი, რომ კონტეინერებით შემოდიან დამნაშავე ყოფილი მაღალჩინოსნები საქართველოში და ეს განცხადებებიც წინ უსწრებდა ასეთ აქციებს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები