15 ნოემბერი 2024,   20:53
ვრცლად
"პრაქტიკაში არ არის გამიჯნული, როდის შეიძლება, პრეზიდენტი მოქმედებდეს მთავრობის თანხმობის გარეშე და როდის არის აუცილებელი თანხმობა" - საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა გრძელდება

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია - მოსამართლეთა კითხვებს სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები პასუხობენ. 

პრეზიდენტის პოზიციის დამცველების მთავარი გზავნილი არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილი მოქმედებდა საკუთარი ვალდებულებებიდან გამომდინარე: მისი მოვალეობაა გამართოს შეხვედრები და რაც შეიძლება მეტი პარტნიორი დაარწმუნოს ქვეყნის პროდასავლური მიზნების სიმტკიცეში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა, ევა გოცირიძემ პრეზიდენტის წარმომადგენლებს დაუსვა კითხვა, ხელისუფლების განაწილების სისტემას ორგანულად შეესაბამება თუ არა ის, რაც წერია 52-ე მუხლში, რომ მთავრობის თანხმობით ახორციელებს პრეზიდენტი საგარეო საქმიანობას.

ამის პასუხად საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, რომ არ არის მკაფიოდ გამიჯნული, რა შემთხვევაში შეუძლია პრეზიდენტს იმოქმედოს მთავრობის თანხმობის გარეშე და რა შემთხვევაში სჭირდება მისი ნებართვა.

"ადმინისტრაციული ორგანოების და სახელმწიფო ორგანოთა წარმოების პრაქტიკაში არ არის ეს გამიჯნული და მიჯნები დადგენილი, როდის შეიძლება, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებდეს მთავრობის თანხმობის გარეშე და როდის არის აუცილებელი მთავრობის თანხმობა, ამიტომ გვჭირდება ეს განმარტებები. მეორე დღეა ვმსჯელობთ ამაზე და კითხვებიც იყო ამ საკითხზე დასმული, ძნელი წარმოსადგენია, რომ ყველა საგარეო ურთიერთობაზე პრეზიდენტის წერილი შევიდეს მთავრობაში და ამაზე მოცდეს მთავრობა. რომ შევაჯერო, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს და ა.შ. მიბმული არის შედეგთან, რომელიც გულისხმობს პოლიტიკური შედეგის დადგომას, რომელზეც პასუხისმგებლობას იღებს მთავრობა, მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენლობის უფლებამოსილების ფარგლებში, შესაძლოა, შესაძლოა კი არა, ამას გულისხმობს, პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი ამა თუ იმ დოკუმენტს,"-განაცხადა პრეზიდენტის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა.

"სტატუსი გარკვეულ როლს ნიშნავს ასევე და ეს როლი მოითხოვს, რომ საქართველოს მთავარმა სახემ ამ საგარეო ურთიერთობების შესრულებაში გარკვეული ნაბიჯების გადადგმა შეძლოს, ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. როგორ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელიც არ არის უფლებამოსილი, რომ სხვა პრეზიდენტის ტელეფონს უპასუხოს?! გაუთიშოს და უთხრას - ერთი წამით, მოიცადეთ, მე უნდა დავატრიალო მთავრობის წევრებს შორის, მოვითხოვო ნებართვა და ორი კვირის შემდეგ გადმორეკეთ, როცა ნებართვა მოგვივა?! ამას გვეუბნება ახლა ჩვენ პარლამენტის წარმომადგენელი,"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, ირინე იმერლიშვილის განცხადებით, რადგან წლების განმავლობაში ასეთი პრაქტიკა იყო გამოყენებული, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ასე აღიქვამს ნორმის გამომყენებელი და ასეთი შინაარსი აქვს ნორმას.

"გაგვაგებინეთ, როგორ უნდა უგულებელყოს სასამართლომ ეს მტკიცებულები, სადაც თავად პრეზიდენტი, თავისი ხელმოწერით უთითებს 52-ე მუხლს?,"-მიმართა მან პრეზიდენტის წარმომადგენლებს.

"ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო პრაქტიკა, რომელიც იყო, აღარ გავაგრძელებ ამაზე ლაპარაკს, რადგან უკვე ბევრი ვილაპარაკე ამაზე, გერმანიის შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ეს იყო იმ პრაქტიკის გაგრძელება. უარმა ამ ვიზიტზე პრეზიდენტს აფიქრებინა, რომ არასწორი პრაქტიკით ხორციელდებოდა, საერთოდ არ სჭირდებოდა მას მსგავსი საქმიანობის განსახორციელებლად მთავრობის თანხმობა, ვინაიდან ის არ ახორციელებდა საგარეო პოლიტიკას 52-ე მუხლის ფარგლებში და, შესაბამისად, მისი ქმედებები არ ითხოვდა არანაირ თანხმობას მთავრობისგან,"- უპასუხა პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ირინე იმერლიშვილს.

 ავტორი: იზი ბურნაძე.

დღის ამბები