15 ნოემბერი 2024,   20:34
ვრცლად
ცვლილება "შეკრებებისა და მანიფესტაციების" კანონში - როგორია პოლიტიკური სპექტრის შეფასებები და არგუმენტები

ცვლილებათა პაკეტი მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით არსებული კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გულისხმობს. ინიციატორი "ქართული ოცნებაა" და მათ მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, შეკრების მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აეკრძალებათ იმ შემთხვევაში, თუკი ის საფრთხეს უქმნის მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.

ცვლილებათა პაკეტს ოპოზიციის მხარდაჭერა არ აქვს - ისინი ამკრძალავი ნორმების ამოქმედების საჭიროებას ვერ ხედავენ. ოპონენტების ამ პოზიციას "ქართულმა ოცნებამ" სხდომათა დარბაზში საკუთარი არგუმენტები დაუპირისპირა.

ოპოზიციას დღევანდელ სხდომაზე, განსაკუთრებით აინტერესებდა, თუ რატომ დადგა ცვლილებათა პაკეტის შემუშავება დღის წესრიგში. მათ ინტერესში შედიოდა ისიც, დაედგინათ - კონკრეტულად რას გულისხმობს დროებითი კონსტრუქციები და მოიცავს თუ არა ცვლილება, მარტო კარვის აკრძალვას. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ოპოზიცია საკითხით მანიპულირებს და ცდილობს, საზოგადოება ფაქტების დამახინჯებით შეცდომაში შეიყვანოს.

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებს, "ნაციონალური მოძრაობა" რუსულ კანონად აღიქვამს. - თინა ბოკუჩავამ ეს სხდომათა დარბაზშიც გააჟღერა, პასუხად კი შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს უთხრა, რომ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას და ქართულ კანონებს პატივი უნდა სცეს.

პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკის ობიექტი გახდა თეონა აქუბარდიაც, რომელიც შალვა პაპუაშვილმა ასევე, სახელმწიფო უწყებების მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. საკითხის მეორე მოსმენით განხილვა, საკანონმდებლო ორგანოში უკვე ხვალ გაგრძელდება.

 

დღის ამბები