თუკი საკონსტიტუციო სასამართლო გაითვალისწინებს და იმპიჩმენტის მოთხოვნას დაეთანხმება, ფაქტობრივად, სრულად აუკრძალავს პრეზიდენტს საგარეო მიმართულებით არსებობას, - ამის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ჩუგოშვილი განმარტავს, აღნიშნული პროცესი ცალსახად პოლიტიკურია.
"[პრეზიდენტს] აბსოლუტურად არანაირი ქმედების განხორციელების უფლება არ აქვს მთავრობის თანხმობის გარეშე, ყველაფრის, მათ შორის, მოსაზრების გამოხატვაც კი მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის თანხმობით უნდა განხორციელდეს, რაც არის სრული აბსურდი, მეტ სიტყვას ვერ გამოვიყენებ. ეს არის რაღაც, რასაც მსოფლიოში საერთოდ ანალოგი არ აქვს. ვერ წარმომიდგენია, სასამართლომ როგორ შეიძლება არგუმენტაცია გამოიყენოს, რომ პრეზიდენტს, რომელიც ქვეყნის წარმომადგენელია საგარეო ურთიერთობებში, მთავრობის, მთელი განკარგულების გარეშე, საერთოდ არ აქვს უფლება, სხვა ქვეყნის ლიდერი რომ ურეკავს, ტელეფონს უპასუხოს. ეს წარმოუდგენელი რამეა, საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ მივიდნენ ასეთი რაღაცის თქმამდე. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო თუკი გაითვალისწინებს და დაეთანხმება იმპიჩმენტის მოთხოვნას, ფაქტობრივად, სრულად აუკრძალავს პრეზიდენტს საგარეო მიმართულებით არსებობას," - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.