როდესაც ვამბობთ, რომ კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია ვამბობთ, რომ ეს მართლაც უზენაესია და ამაზე მაღლა არ შეიძლება რამე ან ვინმე იდგეს. პრეზიდენტმა გადაწყვიტა ზედ გაევლო კონსტიტუციაზე, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა არ ჰქონდა მთავრობას, ეს პროცესი მაინც წამოიწყო, ვინაიდან ყველაფერს თავისი სახელი დარქმეოდა:
"ჩვენსა და ოპოზიციას შორის არის ის განსხვავებაა, რომ ჩვენ გვაქვს პრინციპული დამოკიდებულება თამაშის წესებთან დაკავშირებით, მათ შორის კონსტიტუციურ ნორმებთან დაკავშირებით. ოპოზიციაში არის ხალხი, რომელიც თვლის, რომ კონსტიტუციაზე მაღლა კიდევ რაღაც დგას. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, როდესაც ვამბობთ, რომ კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია - ვამბობთ, რომ ეს მართლაც უზენაესია და ამაზე მაღლა არ შეიძლება რამე ან ვინმე იდგეს.
კონსტიტუციას ნაბრძანები აქვს ასეთი რამ, რომ მხოლოდ მთავრობასთან შეთანხმებით ახორციელებს პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკურ წარმომადგენლობას და დამთავრდა -ეს ხომ საკამათო არ არის?!
პრეზიდენტმა გადაწყვიტა ზედ გაევლო კონსტიტუციაზე და ამის შემდეგ ეთქვა - მე დამოუკიდებლად ვიღებ ამ გადაწყვეტილებასო, შემდეგ კი მოიყვანა მსჯელობა, თითქოს ეს არის გამართლებული რამ - ეს არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 100 ხმას არ განვკარგავდით, მაინც დავძარით ეს პროცედურა, ვინაიდან ჩვენთვის მთავარი ამოცანა იყო, სახელი დარქმეოდა კონსტიტუციის უპატივცემულობას. არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება მოგვიანებით, თუ ვინ რას დაუჭერს მხარს. ასეთ დროს, ოპოზიციას აქვს ის პრობლემა, რომ არ ენდობიან ერთმანეთს და აქვთ ვარაუდი, რომ შესაძლოა ვიღაცამ უმუხთლოს.
გარწმუნებთ და ეს ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ არც ინტერესი არსებობს, არც სურვილი და არც რეალურად ვინმე გამკეთებელი არ არის, რომ ვინმეს მოსყიდვაზე წავიდეს ხელისუფლების მხრიდან.
პირდაპირ ვამბობ პრეზიდენტზე, რომ პირი, რომელიც მხილებულია კონსტიტუციის დარღვევაში, ის აღარ არის უფლებამოსილი.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ამ ყველაფერზე დარქმეული სახელი იარსებებს. ამით ჩვენი პოლიტიკური ამოცანა, თავიდან ბოლომდე იქნება შესრულებული,"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.