ექნება თუ არა საქართველოს მხარდაჭერა ბელგიის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე - ეს იყო მთავარი თემა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის ბელგიის სამეფოს სენატში გამართულ შეხვედრებზე.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ბელგია მომავალი წლიდან ევროკავშირის თავმჯდომარეობას ჩაიბარებს, სწორედ ამიტომ მისი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბელგიის პოზიცია, გამომდინარე იქიდან, რომ ის უკვე არის ევროკავშირის მომავალი თავმჯდომარე ქვეყანა და აქტიურად არის ჩართული გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში. ასევე, მომავალი თავმჯდომარის დღის წესრიგის შექმნაში, აქედან გამომდინარე, ეს დიალოგი ბელგიურ მხარესთან, არის ძალიან საჭირო, დროული და მნიშვნელოვანი. მოველით, რომ ბელგიის პოლიტიკური წრეებისგან იქნება მხარდაჭერა იმისათვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროკავშირში სვლა უკვე კანდიდატის სტატუსით," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა "კურიერთან" საუბრისას.