მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, ნიკა მელიამ პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, "კურიერთან" განაცხადა, რომ არ უნდა რაიმე სახით ასოცირდებოდეს ვანო მერაბიშვილთან. ამით მელიამ, მისი პარტიიდან წასვლის მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა და ასევე აღნიშნა, რომ რთულია იყო ოპოზიციაში და არ გქონდეს მორალური უპირატესობა:
"ისინი გადაიქცნენ ჰიდრომეტცენტრის თანამშრომლებად და თურმე ამინდზე აკეთებენ სწორებას. ნუთუ ერთი ადამიანი მაინც იარსებებს მათ რიგებში, ვინც მათ ამ არგუმენტს დამაჯერებლად მიიჩნევს. რა თქმა უნდა, არა და ძალიან საწყენია, მათ მაგივრად მეუხერხულება. ისინი არიან უბრალოდ სპირალში შესულები საკუთარი შეცდომების გამო და ქმედით ნაბიჯებს ვეღარ დგამენ. ნაცვლად იმისა, რომ ენერგია დახარჯონ რეჟიმის დემონტაჟისთვის, ამ ყველაფერს არათუ არ აკეთებენ და განა არ უნდათ ამის გაკეთება, უბრალოდ ვეღარ აკეთებენ. რთულია იყო პოლიტიკაში და არ გქონდეს მორალური უპირატესობა, უფრო რთული კი ის არის, რომ იყო ოპოზიციაში და არ გქონდეს მორალური უპირატესობა. სამყარო ჩემს გარშემო ნამდვილად არც ტრიალებს და არც მინდა რომ იტრიალოს, თუმცა ნამდვილად მინდა ვიყო იქ, სადაც არის სიმართლე - მათგან განსხვავებით. ნამდვილად არ მინდა რაიმე სახით ვასოცირდებოდე ვანო მერაბიშვილთან, სადაც არის ვანო მერაბიშვილი, იქ ვერ იქნება სიკეთე და პროგრესი,"- აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია.