15 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
"მაიდანის სცენარი მუშავდება" - შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილების მეორე მოსმენით განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებს დეპუტატები დღეს მეორე მოსმენით კენჭს უყრიან. მოსმენა სესიაზე, ამ წუთებში, კითხვა-პასუხის რეჟიმში, კამათის ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატები კითხვებს კანონპროექტის ინიციატორს, გივი მიქანაძეს უსვამენ. მანამდე ცვლილება იურიდიულ კომიტეტზე განიხილეს.

საუბარია პროექტზე, რომელიც აქციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით არსებული კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გულისხმობს.

დეპუტატ ხატია დეკანოიძის განცხადებით, მსგავსი კანონპროექტები უკრაინაში, ევრომაიდანზე დაწვეს.

"არაფერი მნიშვნელობა არ აქვს რას ჩაწერთ ამ კანონში. იანუკოვიჩმა ამაზე დიდი პაკეტი რომ მიიღო უკრაინაში, ის პაკეტი ზუსტად ასე ფარატინა ფურცლად დაწვეს მაიდანზე, მათ შორის ეს იყო", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძე უპასუხა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ. მისი თქმით ფაქტია, რომ მაიდანის სცენარი მუშავდება.

"დემოკრატიული ხელისუფლება არის, რომელსაც ეშინია, რომ აგრესიულმა განვითარებამ საზოგადოებაში დესტაბილიზაცია არ შექმნას. ეს არ არის იანუკოვიჩს ხელისუფლება. აღიარეს იანუკოვიჩის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაწვესო და სწორედ ეს მაიდანის სცენარი მუშავდება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დეკანოიძეს, ასევე, უპასუხა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, მისი თქმით ოპოზიციას არ გამოუვა ეს კანონპროექტი დახატოს ისე, თითქოს ყველანაირი კონსტრუქცია იკრძალება.

"გუშინდელი მცდელობის გაგრძელებაა, რომ ოპოზიციის ნაწილმა საზოგადოებას ეს ყველაფერი დაუხატოს ისე, თითქოს ყველანაირი კონსტრუქცია იკრძალება, მანიფესტაცია იკრძალება, შეკრებები იკრძალება. ქალბატონო ხატია, სამწუხაროა, მაგრამ არ გამოგივათ ეს შოუ. ძალიან კარგად იცით, რომ ეს ნორმა, რომელზეც ახლა არის საუბარი, არის საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე და ეწინააღმდეგება ინტერესებს, რასაც რადიკალები ცდილობთ შემოიტანოთ", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით შესაძლოა ადამიანებს მანიფესტაციაზე წვიმისგან დასაცავი მოწყობილობის გამოყენებაც კი აუკრძალონ.

"ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც სამართლიანად მოითხოვდნენ სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ის ბრეზენტი, რომელიც გადაფარებული ჰქონდათ და იცავდით წვიმაში დღე და ღამ, იმათაც კი აუშლით კარავს", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სხდომაზე ისეთ კითხვები ისმის, რომელიც ცვლილების წაკითხვის შემდეგ ნათელი გახდება.

"ისმის ისეთი კითხვები, რომლებიც საკმარისია უბრალოდ წავიკითხოთ ტექსტი და იქიდან ყველაფერი ნათელი ხდება... წაიკითხეთ მე-10 პუნქტი", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატს, ხათუნა სამნიძეს კითხვები გაუჩნდა კანონის გამოყენების მექანიზმებზე - ვინ შეაფასებს ადგილზე კონსტრუქციის დადგმა სახიფათო იქნება საზოგადოებისთვის თუ არა.

"კონკრეტულად ვინ წყვეტს ამას, რამდენი პოლიციელი, რამდენიმე პოლიციელი თუა მსჯელობენ ერთმანეთში და იღებენ გადაწყვეტილებას თუ ერთი პოლიციელი წყვეტს", - იკითხა ხათუნა სამნიძემ.

სამნიძეს უპასუხა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, კონკრეტული სიტუაციის შეფასებისას თუ სამართალდამცველი ჩათვლის, რომ პირმა დადგენილ ნორმებს გადაუხვია, ამ შემთხვევაში იმოქმედებს ის კანონის შესაბამისად.

"როგორც ხდება შეფასება ისე მოხდება ამ კონკრეტული სიტუაციის შეფასება, უკვე ამ კრიტერიუმების გამოყენებით, რომელიც არის მოცემული. თუ რომელიმე კრიტერიუმში ჯდება კონკრეტულ პროცესი, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი თვლის რომ კანონს გადაუხვია კონკრეტულმა პირმა, ან პირთა ჯგუფმა ამ შემთხვევაში მოქმედებს მხოლოდ", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკა მაჭუტაძის შეფასებით, კანონში შესატან ცვლილებებს პრობლემები აქვს.

"ერთი შეფასებით ამ კანონპროექტს აქვს პრობლემები როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე, პოლიტიკური, ეკონომიკური, ყველანაირი თვალსაზრისით. სოციალური პოლიტიკური და საზოგადოებრივი თვალსაზრისით ეს არის პრობლემატური კანონი", - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ

დღის ამბები