რა გახდა იმპიჩმენტის საფუძველი - ამ შეკითხვით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა საიმპიჩმენტო წარდგინების ერთ-ერთ ავტორსა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართა, რაზეც კობახიძემ აღნიშნა, რომ მიზეზი კონსტიტუციის დარღვევაა. ამასთან, კობახიძის შეფასებით, "სალომე ზურაბიშვილი არის სამარცხვინო."
"ეს არის პოლიტიკური შეკითხვა, შემიძლია გავცე პოლიტიკური პასუხი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია, რომელიც რევოლუციურ პროცესებს გეგმავს, არიან ალიანსში. ეს არის ჩვენი პოლიტიკური პოზიცია სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. თუ გავიხსენებთ მის სამარცხვინო განცხადებებს 26 მაისს, სხვა დროს, მის სამარცხვინო შეფასებებს, იმპიჩმენტის აღძვრის მიზანი იყო სამართლებრივი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის არის სამარცხვინო.
სახელმწიფო-საკონსტიტუციო სამუშაო ჯგუფში ჩართული იყო ბატონი ჯონი ხეცურიანი, ბატონი მინდია უგრეხელიძე და სხვები ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტები. პირდაპირ ასეთი სიტყვებით გვქონდა საუბარი, რომელი რას ამბობდა არ მახსოვს, მაგრამ კონსტიტუცია იმაზეც კი უნდა იყოს გათვლილი, რომ პრეზიდენტი რომ გაგიჟდეს. ყველაფერთან დაკავშირებით ჩაიდო დაზღვევის მექანიზმები," - აღნიშნა კობახიძემ.