საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ესპანეთში, ქალაქ გრანადაში გამართული სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ მას ევროპელ ლიდერებთან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები ჰქონდა.
პრემიერის განცხადებით, მან ყველა ევროპელი ლიდერისგან მიიღო დასტური იმის თაობაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას:
"მქონდა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან, მათ მივაწოდე ინფორმაცია მიღწეულ პროგრესზე. ყველა ევროპელი ლიდერისგან მივიღე დასტური იმის თაობაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მათ ასევე ვუთხარი, რომ თუ სტატუსს ქვეყანა არ მიიღებს, ეს იქნება აბსოლუტურად გაუგებარი, ეს იქნება შეურაცხყოფა ჩვენი ქართველი ხალხის, იქნება დაუმსახურებელი მორიგი მცდელობა, რომ ქვეყანა დაჩაგრონ, ან უსამართლოდ მოექცნენ და იქნება აბსოლუტურად მიუღებელი. მთავრი ბოლო მესიჯი, რაც მე მათ ვუთხარი იყო ის, რომ ეს იქნება პირდაპირი გზავნილი თუნდაც იგივე რუსეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ, რომ დაახლოვდნენ ევროკავშირთან," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის ქალაქ გრანადაში იმყოფება, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.