15 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
გახარიას პარტია ირწმუნება, რომ ხაბეიშვილის გუნდი ფარული კენჭისყრისთვის უმრავლესობასთან ფარულ მოლაპარაკებებშია ჩართული - რა განცხადებები კეთდება ოპოზიციაში იმპიჩმენტის პროცესზე

"გიორგი გახარიას პარტია ირწმუნება, რომ ხაბეიშვილის გუნდი ფარული კენჭისყრისთვის უმრავლესობასთან ფარულ მოლაპარაკებებშია ჩართული. თუ აქამდე მხოლოდ ეჭვებს გამოთქვამდნენ, დღეს უკვე პირდაპირ ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდამჭერი ოპოზიციიდან სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" იქნება. ექსპრემიერის გუნდმა, კოლეგების მხილება საკუთარი რეპუტაციის დასაცავად გადაწყვიტა.

"ნაციონალურ მოძრაობას" პასუხის გაცემა გიორგი ვაშაძემ დაასწრო. ბრალდების მთავარმა ადრესატებმა კი ყოფილი პრემიერის პარტია პირიქით დაადანაშაულეს - "ქართულ ოცნებასთან" გარიგებაში და ოპოზიციურ ველზე განხეთქილების შეტანაში. "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" ერთხმად ამტკიცებენ, რომ იმპიჩმენტის კენჭისყრას არც კი დაესწრებიან. ამბობენ, რომ გახარიას გუნდი პრევენციის მიზნით ახლა ალიბის შექმნას ცდილობს.

ურთიერთბრალდებების ფონზე, "ნაციონალურ მოძრაობას" და გახარიას გუნდს, "ქართული ოცნება" ერთმანეთთან გარიგებულებს უწოდებს. იხსენებენ ყოფილი პრემიერის გადადგომის მიზეზსაც. გახარიას პარტიის ბრალდებებს მმართველი ძალა პოლიტიკურ მიზნებს უკავშირებს.

იმპიჩმენტის მხარდაჭერისთვის გაყიდული კოლეგების ძიებას წინასწარ ცდილობენ სხვა ოპოზიციური ძალებიც. გონივრული ეჭვი მათთვის ისევ "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიდის.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" რომ შესაძლოა თავად პრეზიდენტთან ვაჭრობდეს - ამაზე უმრავლესობაც საუბრობს.

პარლამენტი ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, შეგროვდება თუ არა საჭირო 100 ხმა და აღმოჩნდება თუ არა ოპოზიციაში იმპიჩმენტის მხარდამჭერი 12 დეპუტატი.

 

დღის ამბები