15 ნოემბერი 2024,   19:54
ვრცლად
გამოძიება დესტაბილიზაციის საქმეზე - "კანვას საქართველოს" ხელმძღვანელი სუს-ში დაწყებული გამოძიების გამო სახელმწიფოსგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს

"კანვას საქართველოს" ხელმძღვანელი, სახელმწიფოსგან მორალური ზიანის ანაზღაურებას, სუს-ში დაწყებული გამოძიების გამო ითხოვს. გიორგი მელაძე დღეს მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა, თუმცა მოწმეებიდან ერთადერთია, ვინც გაუთქმელობის ხელწერილს ხელი არ მოაწერა. რა შეკითხვები ჰქონდა გამომძიებელს - ქართული "კანვასის "ლიდერს არ დაუკონკრეტებია, თქვა მხოლოდ ის, რომ ორგანიზაციის სემინარები არაძალადობრივია.

გიორგი მელაძის მხარდასაჭერად, საქალაქო სასამართლოში "კანვას საქართველოს" წარმომადგენლებიც მივიდნენ, მათ შორის ნინო გოგიბერიძე, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა უკვე გამოკითხა. ის სუს-ის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია, ვინც ვიდეომასალის ავთენტურობას ადასტურებს. გოგიბერიძის თქმით, "კანვას საქართველო" სერბ ტრენერებთან უკვე წლებია თანამშრომლობს და ბოლო ორი წლის განმავლობაში, მსგავსი შინაარსის სემინარი ორგანიზაციას მინიმუმ 4-ჯერ აქვს ჩატარებული.

"კანვას საქართველოს" ხელმძღვანელს, საქალაქო სასამართლოსთან გულშემატკივრობდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და აქტივისტებიც. ექსპრეზიდენტის პარტიაში ამტკიცებენ, რომ სუს-ის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერი, მყარი მტკიცებულება ვერ იქნება. უსაფრთხოების სამსახურს რეაგირებისკენ და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენისკენ მოუწოდებს ოპოზიციის ნაწილი.

მმართველი გუნდის თქმით, უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულმა ჩანაწერებმა, ოპოზიციის გეგმები ამხილა. თუმცა "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ხელისუფლება ქვეყანაში დესტაბილიზაციას არ დაუშვებს.

ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უსაფრთხოების სამსახურმა "კანვასის" ლიდერებიც გამოკითხა. სუს-ის ინფორმაციით, ფარულ ჩანაწერებში ჩანს,რომ სწორედ სერბი ტრენერები არიან საქმის მთავარი ფიგურანტები, ვინც აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ლექციას რევოლუციურ მეთოდებზე უტარებდა.

დღის ამბები