15 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
გრანადაში ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმსახურებს - რა გზავნილებით ჩავიდა ესპანეთში ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს მთავრობის მეთაურის გზავნილის ადრესატები ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერები არიან. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტი" კიდევ ერთი შესაძლებლობაა, ქართულმა მხარემ პარტნიორებს განუმარტოს, თუ რატომ არის აუცილებელი საქართველომ დამსახურებული სტატუსი მიიღოს. პრემიერის თქმით, ევროინტეგრაცია გრძელვადიანი პროცესია, მოკლე გზა არ არსებობს და ევროკავშირის წევრობისთვის აქცენტი თარიღების ნაცვლად, ქვეყნის განვითარებაზე უნდა გაკეთდეს.

ევროკავშირის გაფართოება "ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტზე" მსოფლიო ლიდერების მსჯელობის ერთ-ერთი ძირითადი თემა იქნება. სამიტის გახსნითი ღონისძიება უკვე გაიმართა. სხვადასხვა სახელმწიფოებისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები ერთმანეთს მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვდნენ. სწორედ ამ ფორმატში ჰქონდა პრემიერ მინისტრს პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან კომუნიკაცია.

ირაკლი ღარიბაშვილი პირადად ესაუბრა მის უნგრელ კოლეგას, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელს, გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და ევროკომისიის პრეზიდენტს. 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილმა ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის დროს განიხილა. პრემიერის განცხადებით, პარტნიორებს კიდევ ერთხელ აუხსნა, რომ სტატუსის მინიჭება პოლარიზაციას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ოფიციალური გახსნის შემდეგ სამიტი კონკრეტულ თემებზე მსჯელობებს დაეთმობა. ხვალ მონაწილეები ახალ ევროპულ სტრატეგიაზე იმსჯელებენ, რომელიც ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია მომდევნო წლებში ევროპული კავშირის გაფართოებისთვის. სამიტის ეს ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროინტეგრაციის გზაზე არიან. პირველ რიგში საქართველოსთვის, რომელიც პარტნიორებისგან კონკრეტული გადაწყვეტილებების მოლოდინშია.

ის, რის გამოც ევროკავშირის წევრობის მსურველებს კავშირის შემადგენლობაში ყოფნა სურთ, ევროკავშირის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ყოფნაა. საქართველოს არაერთი ქვეყნის მხარდაჭერა სტატუსის მიღების პროცესში უკვე აქვს ეს დღეს პარტნიორებმაც ღიად დაადასტურეს.

ევროპისთვის რომ საქართველო საიმედო პარტნიორია, ამაზე დღეს აქცენტი პრემიერ მინისტრმაც გააკეთა და თქვა, რომ მშვიდობის შენარჩუნება საქართვლოში რეგიონისთვისაც უმნიშვნელოვანესია. 

ხვალ პრემიერი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს და ასევე მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიებში. რიგით მესამე სამიტი წელს ესპანეთში ქალაქ გრანადაში ტარდება - ლიდერები 2 ძირითად თემას განიხილავენ: ევროკავშირის გაფართოება და რეგიონის უსაფრთხოება.

დღის ამბები