7 ოქტომბერი - მელია თბილისში, ხაბეიშვილი ბათუმში. სხვადასხვა ლოკაცია ერთსა და იმავე დღეს ორად გაყოფილი "ნაციონალური მოძრაობისთვის" სიახლე არ არის, თუმცა, ეს საკითხი პარტიაში ახალი დავის მიზეზია. შეკრების თარიღის დამთხვევას ორივე დაპირისპირებული მხარე განსხვავებულად ხსნის.
მზიანი ამინდი გახდა მთავარი მიზეზი, როგორც თავად ღიად განმარტავენ, რამაც "ნაციონალური მოძრაობის" ახალ მენეჯმენტს ბათუმში, 7 ოქტომბერს აქციის ჩატარება გადააწყვეტინა. ამინდს არა, თუმცა ამ თარიღს საკუთარი პოლიტიკური მომავალი დაუკავშირა პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ. ამიტომ ნიკა მელია ფიქრობს, რომ თანაპარტიელებმა ეს დღე აქციისთვის მიზანმიმართულად შეარჩიეს. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ხელმძღვანელის ბრალდებები ხაბეიშვილის გუნდისთვის არასერიოზულია, ახალი მენეჯმენტი ძველს ურჩევს დამარცხებას შეეგუოს და შეეშვას პარტიის გახლეჩვის მცდელობას.
პარტიას კი, ყოფილი თავმჯდომარის აზრით, მხოლოდ ახალი მენეჯმენტი აზიანებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის შემდეგ, ნიკა მელიამ "კურიერს" უთხრა, რომ მისი თანაპარტიელები არასერიოზულადაც გამოიყურებიან და ვერც იმ პირობებს ასრულებენ, რომელიც წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებს მისცეს. ყოფილი ხელმძღვანელი თავის გეგმებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ არ სურს მისი სახელი ვანო მერაბიშვილს უკავშირდებოდეს. მელია დარწმუნებულია, რომ ხაბეიშვილმა, აქცია მის შეკრებას სპეციალურად დაამთხვია, საპირისპირო არგუმენტები კი მისთვის არადამაჯერებელია.
"ნაციონალური მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები რომ პარტიაზე მძიმედ აისახება - ამაზე უკვე პარტიის ყოფილი წევრები საუბრობენ. ხატია დეკანოიძე "ნაციონალური მოძრაობის" ახალ მენეჯმენტს წინასაარჩევნო კამპანიისა და ახლა პასიურობის გამო აკრიტიკებს.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი პოლიტიკური გეგმა არ აქვს, ეს კი, მათი აზრით, ამ პარტიას დაშლამდე მიიყვანს.
დატოვებს თუ არა ნიკა მელია, "ნაციონალურ მოძრაობას", ეს სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გაირკვევა - სწორედ მას მერე, რაც ის საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდება.