ესპანეთიდან საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები ისმის. ლიდერები აცხადებენ, რომ ხედავენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გრძელდება.
დღევანდელი დღე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ეთმობათ. მანამდე კი საქართველოს პრემიერ- მინისტრმა სამიტის ფარგლებში მაღალი რანგის შეხვედრები გამართა, ჰქონდა პირადი კომუნიკაცია მსოფლიო ლიდერებთან და მონაწილეობდა თემატურ დისკუსიებში.
პრემიერის შეფასებით, გრანადაში მიმდინარე სამიტი კიდევ ერთი შესაძლებლობაა, ქართულმა მხარემ პარტნიორებს განუმარტოს, თუ რატომ არის აუცილებელი საქართველომ დამსახურებული სტატუსი მიიღოს.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მათ საქართველოს პროგრესი მხედველობაში მიიღეს, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
"ჩვენ მივიღეთ მხედველობაში საქართველოს პროგრესი. ბევრი რამ გაკეთდა და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მთავარი გზავნილია ის, რომ გამოიყენოთ შესაძლებლობა ახლა, მიეცით საშუალება ქვეყნის წინსვლას , რომ იყოთ ძალიან მკაფიო რეფორმების პროცესში და იმ პოლიტიკაში, რომელშიც ჩვენ შევთანხმდით. ჩვენ გვაქვს გაფართოების ხანგრძლივი ისტორია. მე მესმის, რომ ისინი, ვინც შეუერთდებიან ევროკავშირს, მზად უნდა იყვნენ გაწევრიანებისთვის. მაგრამ, ევროკავშირის გაფართოების გამოცდილება იყო ის, რომ მას ყოველთვის დიდი სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის. მხოლოდ ის ქვეყნები არ იღებენ უზარმაზარ სარგებელს ვინც წევრიანდებიან ევროკავშირში. რა თქმა უნდა, ევროკავშირმაც ასევე დიდი სარგებელი მიიღო ამ პროცესით. ჩვენი ყველაზე დიდი ძალა ჩვენი ერთიანი ბაზარია", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კოზეფ ბორელის თქმით, თარიღის განსაზღვრის მიზანი მხოლოდ პოლიტიკური ენერგიების მობილიზებაა, რათა პროცესი წინ წავიდეს.
"გაფართოებისთვის თარიღის დადგენა კარგია სამიზნეა, კარგია პოლიტიკური ჰორიზონტის არსებობა. თარიღის განსაზღვრის მიზანი მხოლოდ პოლიტიკური ენერგიების მობილიზებაა, რომ წინ წავიდეთ. როცა ფიქრობ გაქვს დრო - ჩვენ დიდი დრო დავყავით გაფართოებისთვის. ახლა უკრაინა ახალ კანდიდატად მოდის, ის აწვება რიგს, რიგი კი სწრაფად გადავა", - განაცხადა ბორელმა.
ხორვატიის პრემიერ-მინისტრის ანდრეი პლენკოვიჩის თქმით, ისინი მხარს დაუჭერენ მათ ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ და ამასთან, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ძალისხმევას.
"ძალიან კარგია, რომ დღევანდელი დეკლარაცია მოიცავს პუნქტს გაფართოების შესახებ და ენა, რომელზეც ჩვენ შევთანხმდებით, არის პოზიტიური, ის ღიაა გაფართოების პროცესის მიმართ. ხორვატიის პრეზიდენტობის დროს, 2020 წელს, ჩვენ შევცვალეთ მეთოდოლოგია, რაც პროცესს უფრო პოლიტიკურს, უფრო თვალსაჩინოს ხდის, მე ვიტყოდი, საზოგადოებისთვის უფრო ადვილად, ცნობადს. სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ, ვისაც გაწევრიანება სურს. პირველ რიგში, ამ ზაფხულს ზაგრებს ეწვია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ჩვენ გვქონდა საუბარი. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას. აქ მთავარი ელემენტია ის ანგარიში, რომელსაც ევროკომისია, ვფიქრობ, გამოაქვეყნებს ნოემბრის დასაწყისში, რომელიც იქნება ამ პროცესში თითოეული ქვეყნის განხილვის საფუძველი.ამიტომ, ვფიქრობ, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ არის ყველა იმ პირობის შესრულება რაც მათ კომისიამ დაავალა , ეს დაგვეხმარება დეკემბერში უფრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაში . ეს ის პოზიციაა, რომელიც ყოველთვის არის ნახსენები, მაგრამ ეს არ იქნება ის ელემენტი, რომელიც მოხსენებაზე არსებით გავლენას მოახდენს", - განაცხადა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა.